სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი:
სრულიად აუხსნელი და გაუგებარი რამ ხდება პარლამენტში და იქნებ ვინმეს გქონდეთ ამაზე პასუხი:
დღეს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე შეიცვალა ყვითლით.
პარლამენტის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თურმე 4 დეკემბერს იქ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარებულა, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტი და „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ განიხილეს – https://shorturl.at/Zj4BL . სხდომა არ გასულა პირდაპირ ეთერში და არც მისი ჩანაწერი იძებნება.
როგორ მოხდა ეს, როცა 4 დეკემბერს შენობაში მოქმედებდა უსაფრთხოების წითელი დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ შენობაში ვერ შევიდოდა ვერავინ, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა?
გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტამდე 2 და 3 დეკემბერს აღნიშნული საკითხები უნდა განხილულიყო პარლამენტის ყველა სხვა კომიტეტსა და ფრაქცია ქართულ ოცნებაში – იხ. განრიგი https://shorturl.at/RCiDj , რაზეც არანაირი ინფორმაცია არ იძებნება და ჟანრის ლოგიკით, სავარაუდოდ არც ჩატარებულა.
ვინც ოდნავ მაინც ერკვევა პარლამენტის, სახელმწიფოს, პოლიტიკის თუ სამართლის ელემენტარულ საკითხებში, ყველა მიხვდება რაოდენ კატასტროფული ამბავია ეს. ყველაზე წყალწაღებულ ერთპარტიულ ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება ასე.