სსო-ები: შსს-მ წინასწარ დაგეგმა სასტიკი მეთოდები მომიტინგეების დასარბევად

2 days ago 3

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 18 დეკემბერს ბრიფინგი გამართეს, სადაც ისაუბრეს, თუ როგორ გეგმავდა „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი დემონსტრანტების „სისტემურ წამებას“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადეს, რომ დაკავებული აქციის მონაწილეების ადვოკატების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებსა და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ დაგეგმა სასტიკი მეთოდები და წამების სისტემა საპროტესტო აქციების ჩასახშობად.

შსს ტაქტიკა

სსო-ების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სხვადასხვა აგრესიული ტაქტიკა, მათ შორის, წყლის ჭავლები, სადაც დაუდგენელი ნივთიერებები იყო გარეული, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად. მართალია ზოგ შემთხვევაში ძალის გამოყენებას წინ უძღოდა გაფრთხილებები დაშლის შესახებ, ზოგ შემთხვევაში დაშლა პირდაპირ იწყებოდა დევნითა და დაპატიმრებით. ცრემლსადენი გაზი გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით, რამაც სუნთქვისა და მხედველობის სერიოზული პრობლემები გამოიწვია. სპეცრაზმით გარსშემორტყმულ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლისგან თავის დაღწევის საშუალება არ ჰქონდათ. დარბევის დროს სპეცრაზმი ადამიანებს განურჩევლად აკავებდა, მათაც კი იჭერდა, ვინც ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დემონსტრანტებს, რომლებიც დაემორჩილნენ დაშლის ბრძანებას, ჩაუსაფრდნენ, ალყა შემოარტყეს და დააპატიმრეს.

ძალადობა დაკავების დროს და მის შემდეგ

დაკავების დროს სპეცრაზმი დაკავებულებს მძიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ძალადობას დაკავებისა და მანქანებში ჩასმის დროსაც აგრძელებდა. სპეცრაზმის წევრები რიგრიგობით ჯდებოდნენ მანქანებში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, მათ შორის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებში, როგორიცაა სახე, თავი, ნეკნები და თირკმელები.

ძალადობას ხელმძღვანელობდა ზედამხედველი, რომელიც კარნახობდა ძალადობის მეთოდებსა და ინტენსივობას. გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, დაკავებულებს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი, ტელეფონები და საფულეები. ზოგიერთ შემთხვევაში, დაკავებულები დამატებითი არაჰუმანური ქმედებების სამიზნეები გახდნენ. მ,აგალითად, მანქანებში გაზის კაპსულები შეუგდეს ან ცემის შემდეგ ცივი წყალი გადაასხეს.

დაკავებულებს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ემუქრებოდნენ სიკვდილით, გაუპატიურებით ან სერიოზული დაზიანებებით და ამცირებდნენ დამამცირებელი ქმედებებით, რასაც ვიდეოთი იღებდნენ. ერთ-ერთი განსაკუთრებით შემზარავი საქმე ეხებოდა თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე დაკავებულის მოკვლითა და დასაფლავებით მუქარას. ჩვენებები ცხადყოფს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის სისტემურ ხასიათს, რომელიც დაკავებულთა სულისკვეთებისა და ღირსების შელახვას ისახავდა მიზნად. დამცირების ფაქტების დოკუმენტირებაში თავად შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (იგივე „ხარება“) მონაწილეობდა.

ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ დაკავებულები საპატრულო პოლიციას გადასცეს, რომლებმაც ისინი პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ – დაკავების იზოლატორებში. გადატვირთულობის გამო ბევრ სასტიკად ნაცემ, გაშიშვლებულ და სველ დაკავებულს მანქანებში დიდხანს ლოდინი უწევდა, ზოგჯერ სამ საათზე მეტხანს, სხვები კი სხვა ქალაქების დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს. დაკავების ოქმები ხშირად ცრუ ინფორმაციას შეიცავდა და წამების ხილული ნიშნების მიუხედავად, დაკავებულებს არ ეძლეოდათ დროული სამედიცინო დახმარება ან ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან წვდომა.

48-საათიანი პატიმრობის შემდეგაც კი, მოსამართლეები ხშირად ვერ უზრუნველყოფდნენ დაკავებულთა უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

სსო-ების განცხადებით, პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავების შემდეგ მომზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ხშირად არის შაბლონური და მოკლებულია კონკრეტიკას, მათში იდენტური ენაა გამოყენებული და მეორდება შეცდომები სავარაუდო დარღვევების აღსაწერად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი წინასწარ დაწერილი მითითებების მიხედვით იქნა შევსებული. ამ ოქმებში არ არის მითითებული სავარაუდო დარღვევების ზუსტი დრო ან ადგილი, ბუნდოვნად მიუთითებს ისეთ უბნებზე, როგორიცაა „რუსთაველის გამზირი“ ან „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“. ისინი არ აკონკრეტებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით შეურაცხმყოფელად მიჩნეულ სიტყვებს.

პოლიციის ჩვენებები

სასამართლოში პოლიციელი მოწმეები ზოგად და იდენტურ ჩვენებებს აძლევენ და ამტკიცებენ, რომ დაკავებულები მათ „მონებს“ ან „რუსებს“ ეძახდნენ, თუმცა ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე ორი მოწმე იმყოფება და ვერ ასახელებენ, თუ რა კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილნენ დაკავებულები.  სათვალთვალო კამერების ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ვიდეო მტკიცებულებები ხშირად არ არსებობს, რაც იმას ადასტურებს, რომ კამერები გამორთეს ან დააზიანეს. დაკავების ოქმები ხშირად შეიცავს ცრუ ინფორმაციას, მათ შორის იმ პოლიციელების მონაწილეობის შესახებ, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ზოგიერთი პოლიციელის ჩვენების თანახმად, ისინი ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, დაკავებები განხორციელდა დაუდგენელი სპეცრაზმის მიერ გაცემული ბრძანებით, რომელსაც არ გააჩნია მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. მოსამართლეები და სახელმწიფო მოხელეები ხშირად ეხმარებიან პოლიციელ მოწმეებს სასამართლო პროცესის დროს, ერიდებიან ადვოკატების მხრიდან კრიტიკულ კითხვებს. გარდა ამისა, არ არის გამოძიებული ის გარემოებები, რომლებშიც დაკავებულები დაშავდნენ და პოლიციელები ადეკვატურად ვერ ამართლებენ თავის ქმედებებს კანონის შესაბამისად.

სსო-ებმა დაასახელეს რვა პოლიციელი, რომლებიც, მათი თქმით,  ცრუ მოწმეები არიან: გიორგი ჩარეკაშვილი; თორნიკე მენაბდე; სულხან კიკნაძე; რევაზ წურწუმია; ზვიად მარგველანი; ზურაბ ღარიბაშვილი; დავით მირუაშვილი; და ოთარ გელაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მათ ცხელ ხაზზე შემოსულია შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ, დასძენენ ორგანიზაციები.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა