„სტამბასთან“ და „მაკდონალდსთან“ სამი ახალგაზრდა დააკავეს ჩხრეკისას

1 week ago 11

10 დეკემბერს, ნაშუაღამევს, 01:30-01:45 საათის შუალედში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“ და სასტუმრო „სტამბასთან“ კიდევ, სულ მცირე, სამი მოქალაქე დააკავეს.

რუსთაველის „მაკდონალდსთან“ დააკავეს 25 წლის ბიჭი, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მისმა მეგობრებმა.

ერთ-ერთი მეგობრის თქმით, „მაკდონალდსიდან“ გამოსულებმა დაინახეს, რომ პოლიციელები აქციიდან წამოსულ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ, მათ შორის მათს სხვა მეგობრებს; მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, რა ხდებოდა, რაზე პასუხადაც პოლიციელებმა ისინიც გაჩხრიკეს.

ჩხრეკის შემდეგ მათ 25 წლის ბიჭი ჩასვეს შავი ფერის ავტომობილში და დააკავეს.

დაკავების მიზეზი უცნობია.

კადრებში, რასაც ადგილიდან პარტია „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, მირანდა ბაღათურია ავრცელებს, ჩანს, რომ დაკავებულის მეგობრები პოლიციას მოუწოდებენ, არ დააკავონ ის. თუმცა პოლიციელები სწრაფად ტოვებენ ავტომობილით ტერიტორიას და დაკავებული, სავარაუდოდ, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.

„ამბობენ, რომ მიმდინარეობს ჩხრეკა. იქცეოდნენ უხეშად, თავდაპირველად ვცდილობდი, ვიდეო გადამეღო, მაგრამ მითხრეს, რომ ტელეფონს წამართმევდნენ“, - ამბობს ბაღათურია.

„ადამიანი ჩასვეს სრულიად უმიზეზოდ, ჩხრეკაც ნორმალურად არ ჩაუტარებიათ“, - ამბობს ის.

პოლიციელები მობილიზებულები იყვნენ სასტუმრო „სტამბასთანაც“.

მათ, სულ მცირე, ორი ახალგაზრდა კაცი გაჩხრიკეს.

თვითმხილველის, ქეთი პერანიძის ცნობით, როდესაც მეგობარმა გოგოებმა ვიდეოს გადაღება დაიწყეს, ერთ-ერთ მათგანს ტელეფონი წაართვეს.

„რაო, ბავშვებო? რამე საინტერესო ხდება?“ - ეკითხება ერთ-ერთი პოლიციელი გოგოს, რომელიც ვიდეოს იღებს.

„კი, საინტერესო ხდება. ორი პატარა ბიჭი გყავთ აყუდებული და ჩხრეკთ ამდენი ადამიანი ერთად“.

„პატარა ბიჭი? სრულწლოვნები არიან, პატარა ბიჭები არ არიან. თუ გინდა, გაჩვენებ ამ პატარა ბიჭებს რაები აქვთ... წიწაკის სპრეი, „დრინები“ [რკინის ჯოხები], რომ თქვენ დაგარტყან მერე ისევ“, - პასუხობს პოლიციელი.

პოლიციელთა ნაწილს ნიღბებითა აქვს სახე დაფარული.

ჯგუფ „დაიტოვეში“ ქეთი პერანიძე წერს: „მივედით, ვიდეოს ვუღებდით და ერთ-ერთ გოგოს ხელიდან გამოჰგლიჯეს ტელეფონი. დაკავებას უპირებდნენ. ის ბიჭები წაიყვანეს უკვე და დააკავეს“, - წერს იგი.

სრულად წაკითხვა