სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

4 hours ago 3

არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

როგორც ორგანიზაცია წერს, დღეს, 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა.

"აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო. ამით, აფგან სადიგოვის საქმის განხილვა საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა დაასრულეს. სამწუხაროდ, მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება, რომელიც დევნილი ჟურნალისტის აბსოლუტური უფლებების დაცვას გახდიდა შესაძლებელს", - წერია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენების მოთხოვნით, რათა შეეჩერებინათ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიცია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. მათივე ცნობით, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ანრი ოხანაშვილს:

"ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია;

ასევე, არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში".

სრულად წაკითხვა