სტრასბურგის სასამართლო: რუსეთმა ვერ უზრუნველყო აფხაზეთში დევნილ მესაკუთრეთა უფლებების დაცვა

4 days ago 3

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 17 დეკემბერს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლებების დარღვევაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

საქმე ეხებოდა ექვსი მომჩივნის – ოთხი ქართველის (ქეთევან მეხუზლა, ქსენია სანაია, სულიკო დვალი და მარინა გოგია) და ორი რუსის (გალინა ტაგანოვა და ტარიელ ესართია) საჩივრებს, რომელთაც უარი ეთქვათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების შემდეგ თავიანთ სახლებსა და საკუთრებაში შესვლაზე. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N1 ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების დაცვა) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევები.

სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთზე და ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური პირების, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „მათ უნდა მიეღოთ ზომები ამ უფლებების დასაცავად, მათ შორის ადვილად ხელმისაწვდომი და მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველყოფის გზით. მათ ეს ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ამ განმცხადებლების უფლებების დარღვევა რუსეთის ფედერაციის გამო მოხდა“, – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ ახერხებს რეგიონზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერვენციის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ გასწია საკმარისი ძალისხმევა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლის აღსადგენად, კერძოდ, ახსენა 2008 წლის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელმაც გააუქმა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა გარიგება და დაადასტურა საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სასამართლომ უარყო როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მთავრობების არგუმენტები სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არც ერთ იურისდიქციაში არ არსებობდა ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები, რათა განმცხადებლებს დაეცვათ თავიანთი საკუთრების უფლება.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გადაუხადოს ესართიას 25 000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად; და 35 000 ევრო მეხუზლას, სანაიას, დვალს და გოგიას მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ამასთან,  რუსეთს დანახარჯების ასანაზღაურებლად 18 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისთვის.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია საქმის განსახილველად, რადგან ფაქტები, რომლებიც კონვენციის სავარაუდო დარღვებებზე მიუთითებდა, დაფიქსირდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, იმ თარიღამდე, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა ევროპული კონვენციის წევრად ყოფნა.

ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს“. მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს ძალისხმევას, დაიცვას თავისი მოქალაქეების საკუთრების უფლებები, თუნდაც მის კონტროლს მიღმა მყოფ რეგიონებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა