სუსი აფხაზეთში NGO-ების და საერთშორისო ორგანიზაციების შეზღუდვას აფასებს

8 months ago 16

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენს.

კერძოდ, 2023 წელს ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდებოდა ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა, გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების უკანონო სამხედრო წვრთნები, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და სხვა დესტრუქციული აქტივობები.

ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში ანგარიშში გამოყოფილია ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა, რასაც, სუს-ის შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

„აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა“, — ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წელს ოჩამჩირის „პორტში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ დაფიქსირებულა. ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, სუს-ის თანახმად, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

„გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ რუსეთის სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება/მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში განიხილავს სუსი სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს და „აპარტ ოტელებისა“ და აპარტამენტების სამართლებრივის სტატუსის რეგულირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში დაახლოებით 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომელთა ფლობის უფლება, მათ შორის „უცხო ქვეყნის მოქალაქეს“ ექნება.

სუსის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შეინიშნებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის ცნების დამკვიდრების მიზანმიმართული მცდელობა, რაც მიზნად ისახავდა თრუსოს ხეობის კონფლიქტის ნაწილად ქცევას, ხოლო საქართველოს აგრესორად წარმოჩენას, რომელმაც თითქოს მიიტაცა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები.

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, სუსის შეფასებით, განსაკუთრებით დამძიმდა, როცა საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და ვიტალი (თემურ) კირბაია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს შეუძლებელი იყო ადგილზე სამართლის აღსრულება ირაკლი კვარაცხელიას და დავით ბაშარულის, ასევე არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე და არსებული მოცემულობა  ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს.

2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37 (ძირითადად საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთისთვის), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით — 26 პირი. 2023 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. უკანონო პატიმრობაში რჩებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც თავისუფლება რამდენიმე წლით აღუკვეთეს, მათ შორის ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე და ასმათ თავაძე.

ცხინვალის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის — 39, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები

სუსის ანგარიშში შეფასებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საერთაშორისო და აგილობრივი „არასამთავრობო ორგანიზაციების“ შეზღუდვის პოლიტიკა.

სუსი წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი „არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა — საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტირებელ განცხადებებს ავრცელებდა, ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და „საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში“ ჩარევაში სდებდა ბრალს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმმა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წესში „ცვლილებები“ შეიტანა, რომელიც ორგანიზაციებსა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებს მკაცრად აკონტროლებდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებს ე.წ. საგარეო უწყებასთან უნდა შეეთანხმებინათ ადგილობრივი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხი.

2023 წლის 7 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. აღარ „მტკიცდებოდა“ USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტები, ასევე შეჩერდა UNDP-ის პროექტების მიღება.

„იკრძალებოდა იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა. იზღუდებოდა იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთის „შიდა და საგარეო პოლიტიკის“ საკითხების გაშუქებას ისახავდა მიზნად“, — ნათქვამია ანგარიშში.

შედეგად, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების დაბლოკვით, საოკუპაციო რეჟიმი, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენების გაზრდასა და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა“, — აცხადებს სუსი.

2023 წლის დასაწყისში საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არ შეუშვა.

სრულად წაკითხვა