"სწორია, რომ გერმანიის მთავრობა მიზნობრივ სანქციებს უჭერს მხარს" - ოთხი გერმანული პარტიის განცხადება

7 hours ago 2

ოთხმა გერმანულმა პარტიამ "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. ისინი აკრიტიკებენ მათ ანტი-ევროპულ კურსს, გმობენ ძალადობას და მხარდაჭერას უცხადებენ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

"სწორია, რომ გერმანიის მთავრობა ევროკავშირის დონეზე მიზნობრივი სანქციების მხარდასაჭერად გამოდის იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკოსები ულრიხ ლეხტე (თავისუფალი დემოკრატები), დებორა დიურინგი (მწვანეები), ნილს შმიდი (სოციალ-დემოკრატები) და იურგენ ჰარდტი (ქრისტიან-დემოკრატები).

ისინი ასევე მიესალმებიან გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვასა და საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას.

გერმანელმა პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ "26 ოქტომბრის არჩევნებზე მრავლად იყო დამოუკიდებელი დამკვირვებლების მინიშნებები მძიმე საარჩევნო ჩარევასა და მანიპულაციაზე".

გარდა ამისა, განცხადებაში მათ დაგმეს "ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ" და აღნიშნეს, რომ "ძალადობის ყოველი შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ".

"საქართველოში პროტესტმა კრიტიკულ წერილს მიაღწია", - წერენ ოთხი გერმანული პარტიის წარმომადგენლები, - "ხელისუფლების მხრიდან არსებობს მზარდი რეპრესიების საფრთხე".

განცხადებაში ისინი შეეხნენ "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და აღნიშნეს:

"ისტორიული შანსის გამოყენების და [ევროკავშირში] გაწევრების პროცესში რეფორმების პირობების დაკმაყოფილების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, მზარდად ავტორიტარული და ანტი-ევროპული კურსი აიღო".

ულრიხ ლეხტე, დებორა დიურინგი, ნილს შმიდი და იურგენ ჰარდტი გერმანიის ბუნდესტაგში შესაბამისი პარტიების საგარეო პოლიტიკის სპიკერები არიან. ისინი საქართველოს ერთად ეწვივნენ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, 2024 წლის სექტემბერში. მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ "ქართული ოცნების" აღებული კურსი საქართველოს ევროკავშირისკენ ვერ წაიყვანდა.

გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდება. მომავალ მთავრობაში, უდიდესი ალბათობით, ხსენებული ოთხიდან ორი პარტია მაინც იქნება წარმოდგენილი.

სრულად წაკითხვა