ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს „ფორმულის“ ოპერატორი

2 weeks ago 9

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია.

ის რუსთაველის გამზირზე, 4 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა.

ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

„აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების ექსკორიაციული დაზიანება. ჩივილები არ აქვს“.

წუხელვე, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც. ტელეკომპანიის ცნობით, მან პიროტექნიკით მიიღო დაზიანება ხელზე.

4 დეკემბრის ღამეს ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველის გამზირზე დაშავებული ორი პირი გადაიყვანეს.

4 დეკემბრის მონაცემებით, ამ კლინიკაში 15 დაშავებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან 8 დღის განმავლობაში დატოვებს კლინიკას.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

სრულად წაკითხვა