ტრამპი: "ვცდილობთ დავასრულოთ საშინელი ომი" უკრაინაში

6 days ago 6

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის შესაძლო დასრულების შესახებ ისაუბრებს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ორშაბათს ფლორიდაში, 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, ტრამპი რამდენჯერმე შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მან გაიმეორა თავისი სურვილი, სწრაფად დასრულდეს ომი, რომელსაც მას „საშინელი“ უწოდა და ორივე მხარის მხრიდან დანაკარგების „ასტრონომიული რიცხვები“ დაიმოწმა. ტრამპის თქმით, დანაკარგები შემაძრწუნებელია და ფრონტზე მდგომარეობა „ბევრად უარესია“, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. ტრამპმა ადრე ილაპარაკა კონფლიქტის ორივე მხარეს ასობით ათასი დაღუპულისა და დაჭრილის შესახებ. კიევში განაცხადეს, რომ უკრაინული დანაკარგები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ტრამპი ამტკიცებს. მოსკოვი უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იტყობინება არავითარი დანაკარგების შესახებ.

ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად უნდა იყოს რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად. ამასთან, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს მშვიდობის მისაღწევად. თუმცა, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიები, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ისეა განადგურებული, რომ მათ აღდგენას „ასი წელი“ დასჭირდება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის მცდელობებში „მცირე პროგრესი იქნა მიღწეული“, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია. ტრამპი ზელენსკის 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. ამ შეხვედრის შემდეგ მან უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. არაერთი ცნობის თანახმად, მან პუტინსაც დაურეკა. ეს ინფორმაცია არც კრემლს დაუდასტურებია ან უარუყვია და არც ტრამპს.

მედია იტყობინება, რომ ტრამპის წრეში სხვადასხვა სამშვიდობო გეგმის იდეა განიხილება. თავად აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია რაიმე სამშვიდობო ინიციატივა. ამასთან, ბევრ პუბლიკაციაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ მისი სამშვიდობო წინადადებების საფუძველი იქნებოდა კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და, შესაძლოა, სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინაში.

ორშაბათს გამოსვლისას ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ უკრაინელ სამხედროებს ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიას დაარტყან ამერიკული შორსმსროლელი იარაღით და არ გამორიცხა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ 20 იანვარს ინაუგურაციაზე ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიუწვევია, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნება, თუ ზელენსკი ჩასვლას მოისურვებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლია. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან აღიარა, რომ ამოცანა იმაზე რთულია, ვიდრე ჩანდა. ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპი პირდაპირ არ აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დაწყების გამო და არ ამბობს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას „იმდენად, რამდენადაც მას დასჭირდება“. ის აღნიშნავს მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას რაც შეიძლება სწრაფად, მისი პირობების ხსენების გარეშე. კიევიც და მოსკოვიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მშვიდობის მომხრე არიან, მაგრამ ისინი დიამეტრულად საპირისპირო მოთხოვნებს აყენებენ.

სრულად წაკითხვა