ტრამპმა გენერალურ პროკურორად გაეცის ნაცვლად, პემ ბონდი დაასახელა

4 weeks ago 11

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 21 ნოემბერს განაცხადა, რომ პემ ბონდს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ასახელებს. ის ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელიც საარჩევნო კამპანიამდეც ტრამპის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.

პოსტზე ბონდი ამერიკის სენატის განახლებულმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც პირველად 2025 წლის იანვარში შეიკრიბება.

განცხადება შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ახალ ნომინაციასთან დაკავშირებით ტრამპმა სულ რამდენიმე საათში გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა პირველმა არჩევანმა მეტ გაეცმა პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კონგრესის ეთიკის კომისია გაეცის საქმეს ტრეფიკინგის ბრალდებით, ასევე 17 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებათა გამო იძიებს.

ტრამპი ბონდს კარგად იცნობს. ის მისი ერთ-ერთი ადვოკატი იყო ტრამპის პირველი იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტს და ახლა ულვე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, მაშინ სასამართლომ ბრალი წაუყენა, მაგრამ ის არ გაასამართლა. ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუდასტურდა, რადგან ის შეეცადა ამერიკის სამხედრო დახმარება კიევზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა, რათა უკრაინას გამოეძიებინა მისი ოპონენტის, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის შვილის საქმე.

გენერალურ პროკურორობის ყოფილი ნომინანტი მეტ გაეცი, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმება და რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას უარყოფს. 5 ნოემბერს, მეტ გაეცი ფლოირიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი, 13 ნოემბერს, მოულოდნელად გადადგა. სულ რამდენიმე დღეში, წარმომადგენელთა პალატას უნდა გამოეტანა დასკვნა, რომელიც მის სექსუალური ხასიათის ბრალდებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეფუძნება.

დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე Photo Gallery:

დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.

სრულად წაკითხვა