უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის - რა გადაწყდა ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე

6 days ago 7

„საქართველოში მოვლენები იმ მიმართულებით არ ვითარდება, როგორც კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“, - თქვა კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, 16 დეკემბრის დილით, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მორიგი შეხვედრის დაწყებამდე.

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ესწრება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოს პრეზიდენტი კი უმაღლესი წარმომადგენელი - ამიერიდან უკვე კაია კალასია. საბჭოს დღევანდელი შეხვედრა ესტონელი პოლიტიკოსისთვის ახალ თანამდებობაზე პირველი იყო.

ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იყო. მათ იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც აქ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ უნდა შემოიღონ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგას“.

თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ.

„გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი მეტი გაკეთებულიყო, - თქვა კაია კალასმა, - ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“.

„ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ სიმბოლური“, - დასძინა მან. გამოცემა Politico-ს ცნობით, კაია კალასი იმ ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ უფრო მკაცრ ზომებს ემხრობა.

აზრთა სხვადასხვაობა

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილი ემხრობა, რომ პერსონალური სანქციები დაუწესდეთ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

კავშირის წევრმა სამმა სახელმწიფომ - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, ეს უკვე გააკეთა დამოუკიდებლად. მათ 2 დეკემბერს სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს ათ მაღალჩინოსანს. 15 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა სია გააფართოვეს. ამჯერად სანქციები ირაკლი კობახიძესაც შეეხო.

„ჩვენ უკვე დავუწესეთ სანქციები თითქმის 30 ადამიანს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციური პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ევროკავშირის მოვუწოდებთ, მათაც მიიღონ სანქციები ამ ადამიანების მიმართ“, - თქვა შეხვედრის დაწყებამდე კიასტუტის ბუდრისმა, ლიეტუვის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიეტუვაში ახალი მთავრობა 12 დეკემბერს დამტკიცდა. თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხმამაღალი კრიტიკოსი იყო. როგორც ჩანს, ლიეტუვის ახალი მთავრობა საქართველოსთან მიმართებით გააგრძელებს წინამორბედის კურსს.

ევროკავშირის მიერ პირადი სანქციების დაწესებას სრული კონსენსუსი სჭირდება - ამის წინააღმდეგი არცერთი წევრი სახელმწიფო არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კონსენსუსს წინ უდგას ორი ქვეყანა - უნგრეთი და სლოვაკეთი. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან „ქართული ოცნებისადმი“ ყველაზე მეგობრულად განწყობილი ეს ორია.

მედიის ცნობით, ამ ფონზე, ბალტიის ქვეყნების გზით წასვლას განიხილავენ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთსა და პოლონეთზე.

გერმანული ჟურნალის, Der Spiegel-ის ინფორმაციით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ უნგრეთის გვერდის ავლის მიზნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები თავად დაუწესონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ევროკავშირმა ქნას ერთიან დონეზე.

დიპლომატიური პასპორტები

ევროკავშირის არსენალში სხვა ზომებიცაა, რომლებსაც კონსენსუსი არ სჭირდება და კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევაც ჰყოფნის. ეს გულისხმობს 27 ქვეყნიდან მინიმუმ 14-ის თანხმობას, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს მაინც წარმოადგენენ.

სწორედ ევროკავშირის კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა ჰყოფნის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრების კვალიფიციური უმრავლესობა ამაზე შეთანხმდა. მათ დაავალეს ევროკომისიას, რომ ოფიციალური დოკუმენტი მოამზადონ და წარადგინონ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიას ამაზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და დოკუმენტს ფორმალურად უახლოეს დღეებში წარადგენს.

ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმი 2011 წლიდან მოქმედებს - ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.

დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები - მთავრობის წევრები, პარლამენტარები, მაღალი თანამდებობის ბიუროკრატები და საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქი.

უცნობია, დაუშვებს თუ არა ამ მხრივ გამონაკლისს ევროკავშირი. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა მიაღწია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს გამორიცხვას ევროკავშირის სანქციებიდან. ბუდაპეშტი ადრეც ამტკიცებდა, რომ სანქციების სიაში არცერთი რელიგიური ლიდერი არ უნდა იყოს შეყვანილი.

ბრიუსელში საქართველოს შესახებ ხვალაც იმსჯელებენ. ევროკავშირის ზოგადი საკითხების საბჭო განიხილავს გაფართოების ანგარიშის შეჯამებას, სადაც საუბარია საქართველოზე.

სრულად წაკითხვა