საყოველთაო გაფიცვას რეგიონებიც უერთდებიან. დღეს 15:00 საათზე დაიკეტება მაღაზიების, რესტორნების და სახელოსნოების ნაწილი შიდა ქართლშიც. მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დღევანდელი გაფიცვა გამაფრთილებელი ხასიათისაა და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაფიცვის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. საყოველთაო გაფიცვას პროტესტის მნიშვნელოვან ფორმად მიიჩნევენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 48-ე დღეა საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
“თითოეული მოქალაქისთვის მეტად ცხადი ხდება, რომ მიმდინარე მოვლენები თითოეულ ინდივიდს შეეხო, ისევე როგორც ყველა ამ ინდივიდმა გააცნობიერა, რომ არსებული რეალობის შეცვლის სურვილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე ხდება დაშინებისა და შანტაჟისადმი მოწყვლადი“, – ამბობს ვანო კოპაძე.
კოპაძე საპროტესტო აქციებში დაწყებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული. ის აქციებში გორშიც და თბილისშიც იღებს მონაწილეობას. ივანე კოპაძე ფიქრობს, რომ რეჟიმმა მოსახლეობის წინააღმდეგ სრული არსენალი უკვე გამოიყენა, როგორიც არის: ძალადობა, დაკავებები და სხვადასხვა რეპრესიული ღონისძიებები.
“უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მიხვდეს, დღეს პროტესტი რიგით ადამიანზე გადის, რიგით ინდივიდის აქტივიზმზე და მის სურვილზე, არ შეეგუოს რეალობას. იმიტომ არ მუშაობს რეპრესიული აპარატი, რომ პროტესტს ლიდერი, ორგანიზებული ხასიათი ან რაიმე ტიპის მმართველობითი რგოლი არ გააჩნია. თუ გორში, ზუგდიდში, ბათუმში ან სხვა რომელიმე ქალაქში ნებისმიერი რაოდენობის ადამიანები გადაწყვეტენ ინდივიდუალური აქტივობით პროტესტის გამოხატვას, ეს მხოლოდ დააჩქარებს მიმდინარე პროცესს, რადგან ნებისმიერი გარშემომყოფის დონეზე დავა, რომ პროცესი ერთ და ორ ადამიანზე ან რომელიმე რიგით “მე”-ზე უფრო მნიშვნელოვანია“, – ამბობს კოპაძე, რომელიც რეჟიმის გაჯიუტების მიუხედავად საზოგადოების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
დედაქალაქის მსგავსად, პროტესტის კერებია რეგიონული ცენტრები და დიდი ქალაქები. სხვადასხვა მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართებოდა გორშიც, რომელთა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ალექსი მერებაშვილიც იყო. ის არასამთავრობო ორგანიზაცია ადამინის უფლებათა ცენტრის იურისტია. მისი ორგანიზაცია “ქართულმა ოცნებამ” ჯერ რუსული კანონის მიღებით შეზღუდა და შემდეგ კი, ქვეყნის ევროიტეგრაციის კურსის შეჩერებით. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას უკუსვლით დიტატურისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიჰყავს.
“მე ვფიქრობ არათუ საჭირო, აუცილებელიც კი არის რომ ყველგან, სადაც შესაძლებელია, გამოიხატოს პროტესტი ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, დემოკრატიული განვითარების უკუსვლასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო“, – ამბობს ალექსი მერებაშვილი.
იურისტის თქმით, საზოგადოება ხედავს უსამართლობას და იაზრებს, რომ ამასთან შეგუება შეუძლებელია. როგორც მერებაშვილი ამბობს, სამართლებრივი ინსტიტუტებმა საბოლოოდ დაკარგეს ნდობა.
“ჩვენ ვნახეთ თავდახრილი მოსამართლეები სასამართლო დარბაზებში და წელში მოხრილები, არაფორმალურ გარემოში, როდესაც საზოგადოების პროტესტის გამო რესტორნში კორპორატიულ წვეულებაზე მოსახვედრად უხდებოდათ. შეუძლებელია არსებობდეს მოსამართლეთა კორპორაცია ქვეყანაში. მოსამართლე არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური მსაჯული. ზემდგომი სასამართლოს მოსამართლეები კრიტიკულად უნდა ამოწმბდნენ ქვემდგომი მოსამართლეების გადაწყვეტილებებს. ერთ სუფრაზე მჯდარი მოსამართლეების დანახვა ქმნის განცდას, რომ ისინი ვერ შეძლებენ მიუკერძოებლად განიხილონ საკუთარი კორპორაციის წევრი მოსამართლის გადაწყვეტილება. აღარაფერს ვამბობ რესტორანში შესვლის მეთოდებსა და სახეზე, რამაც საგრძნობლად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და ნდობა. ასეთი სასამართლო ვერ შეძლებს მიიღოს ავტორიტეტული, სანდო და შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებები”, – აღნიშნავს იურისტი.
რეგიონში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლების სხვადასხვა მიზეზებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ასეთია ლია ჩლაჩიძე, რომელიც აქციებს ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება და მოვლენებს ტელევიზორიდან ადევნებს თვალს. ჩლაჩიძე “ქართული ოცნების” სიით, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ის თანაგუნდელებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მკვეთრად “რუსული კანონის” მიღების შემდეგ გაემიჯნა.
“ქართული ოცნება” მუშაობს იმ მეთოდებით, რომლის შეწყვეტის დაპირებითაც მოვიდა 12 წლის წინ ხელისუფლებაში. ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ იმაზე მეტად სასტიკი და ულმობელი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა და მათ შორის ვერც ის ადამიანები, რომლებიც მხარს ვუჭერდით. “ქართული ოცნების” ბრძოლა ხალხის წინააღმდეგ დღითიდღე უფრო რთულდება. ხალხმა ხელისუფლების ნდობასთან ერთად, შიშის გრძნობაც დაკარგა და ხელისუფლებას აღარ აპატიებენ უსამართლობას და ძალაუფლების მიტაცებას. იმედს მაძლევს ახალი თაობა, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის“, – გვითხრა ლია ჩლაჩიძემ.
საყოველთაო გაფიცვის პარალელურად, დაიწყო მსჯელობა საპროტესტო აქციების განახლებაზეც. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რეგიონში პროტესტი, მოთხოვნების შესრულებამდე, არ შეწყდება.