ქარელის მერიამ 90 ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის 99 999 ლარი გამოყო

4 days ago 7

ქარელის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 90 ადამიანის კვების უზრუნველყოფისთვის, რისთვისაც ადგილობირივი ბიუჯეტიდან 99 999 ლარი გაითვალისწინა. 

ქარელის მერია ეძებს ისეთ კომპანიას, რომელიც უფასო სასადილოსთვის მოიძიებს ფართს და უზრუნველყოფს ბენეფიციარებზე საკვების გაცემას. 

“მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციართა კვებისთვის მონახოს ქარელის ტერიტორიაზე ფართი, რომელიც დააკმაყოფილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს, სადაც უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარებზე საკვების გაცემა 12:00 -დან 16:00- საათამდე , აგრეთვე ბენეფიციართა 20% – ის მომსახურება ადგილზე კვებით. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციართა ფართის ჰიგიენური საშუალებებით დალაგება, დასუფთავება – მომსახურება, კომუნალური გადასახადების უზრუნველყოფა შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურება მოიცავს ყველა გადასახადს კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს 2025 წლის 2 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ქარელის მერია უფასო კვებისთვის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს და ყოველ ჯერზე ერთიდაიგივე კომპანია, შპს “ფუდსტარი” იმარჯვებს. ბოლო 5 წელში აღნიშნულ კომპანიას ქარელის მერიისგან ტენდერით 402 786 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვის გზით – 9 440 ლარი.

სრულად წაკითხვა