ქართული კალათბურთი - რაშმა ბათუმს მოუგო და ცხრილის შუაწელში გაუთანაბრდა

1 week ago 6

გუშინ გურჯაანში დაწყებული სუპერლიგის მე-9 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. დიღმის არენაზე დაგეგმილი ორივე მატჩი პრინციპული იყო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები – “რაში” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. აქვე ვთქვათ, რომ “რაშის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა მამუკა ტურაშვილს, რომელმაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წასული სანდრო ნოზაძის ადგილი დაიკავა.

რაშმა ბათუმელებს პირველი პერიოდი 26:11 მოუგო. გუნდს გუნდს ტანმორჩილი ამერიკელი ლეგიონერი, გარეტ ჰიკსი ლიდერობდა, რომლის შედეგიანობაც მეორე პერიოდში შეიზღუდა და ბათუმელებმა დაცვის ხარჯზე მოახერხეს თამაშის მიმდინარეობის თავისთვის სასურველ კალაპოტში ჩაყენება. მეორე პერიოდი აჭარულმა გუნდმა 27:15 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 38:41.

მესამე პერიოდში ბათუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ რაშს ლიდერობა ვერ დაათმობინეს. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტაქტიკა ცვალა – ხან პერიმეტრიდან უტევდა, ხან ტანმაღალ მაჯურ მაჯაკს ფარქვეშ ტვირთავდა და შედეგად ბოლო პერიოდმაც ისე მოატანა, თბილისურმა გუნდმა კომფორტული, 6-8 ქულიანი ლიდერობა დაიბრუნა.

ბოლო წუთებზე ბათუმელთა მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილმა წუთშესვენება არაერთხელ აიღო, თუმცა გამართულად მოთამაშე რაშის ჩამოტოვება ვერ მოახერხა. საბოლოოდ რაშმა 85:80 (სტატისტიკა) მოიგო და მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა. მოგებებითა და წაგებებით რაში და ბათუმი გათანაბრდნენ – ორივეს 3-3 მოგება და 5-5 წაგება აქვთ.

გამარჯვებულებს 23 ქულით გარეტ ჰიქსმა ულიდერა. 15-15 ქულა მიითვალეს გიორგი ვახანიან და ჯარეტ ჰენდერსონმა. ბათუმელთაგან 16-16 ქულით ილია ლონდარიძე და ლევან ელიაძე გამოირჩნენ. 10 ქულა და 11 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა მიითვალა.

GBF.GE

სრულად წაკითხვა