„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

5 days ago 5

„ქართულმა ოცნებამ“ 29 დეკემბერს მის მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გამართა. ხანმოკლე ცერემონია პარლამენტის შენობაში გაიმართა. ინაუგურაციას არცერთი უცხოელი ელჩი არ დასწრებია. მმართველი პარტიის თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში სივრცის სიმცირის გამო არ მიიწვიეს. ამ ნაბიჯით, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური დაყოფა ქვეყანაში, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის წევრთა 224 ხმა დააგროვა. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ერთდაერთი კანდიდატი იყო.  ადგილობრივმა და საერთაშორისო აქტორებმა ყაველაშვილის ლეგიტიმაცია არ ცნეს და განაცხადეს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

სამოქალაქო საქართველოყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ:

გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი: „კიდევ ერთი დღე „ტრადიციულ“ ევროპულ დემოკრატიაში, სადაც ვერავინ ვერ აღიქვამს „ოცნების პარტიას“ სერიოზულად და ადამიანის ინაუგურაცია, რომელიც მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არის არჩეული და აღიარებული,  ნახევრად საიდუმლო გარემოში გაიმართა. საქართველომ ან უნდა გადახედოს დემოკრატიას, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე“.

კასპარ ველდკამპი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი: „მე მივესალმები ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ქართველები უკვე ერთი თვეა მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩაში, მიუხედავად ძალადობისა და დაშინებისა. არცერთმა მთავრობამ არ უნდა უგულებელყოს მათი მოწოდება. ეუთო/ოდირმა დაადასტურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები, ასევე სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დროა საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ეუთოს რეკომენდაციების შესრულებით და შესაძლოა ახალი არჩევნების საკითხის განხილვით – ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით“.

მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს პატივი! არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი „პრეზიდენტი“ და არც მოწვევითა და ვიზიტებით უზრუნველყოს მისი ლეგიტიმაცია. იგი აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს რაც შეიძლება მალე სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

ჯო უილსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის მარიონეტის ფიქტიურ დასმას.  სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“.

თამაშ სულიოკი, უნგრეთის პრეზიდენტი: „მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად არჩევის გამო. უნგრეთს სურს გააძლიეროს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის და გააფართოვოს ერთობლივი პროექტები ახალ სფეროებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის ევროინტეგრაციის მცდელობებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში“.

ლეონიდ სლუცკი, რუსეთის სახელმწიფო დუმის  საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი: „საქართველო თავდაჯერებულად გადის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გამოცდას. მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა და მისი კანონიერი უფლებები ოფიციალურად დაიკავა. მის ინაუგურაციას წინ უძღოდა ნამდვილი პოლიტიკური დრამა. დასავლეთის ხელდასმულმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა გადადგომაზე და პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე და უცხოეთიდან წახალისებულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების რადიკალიზაციისკენ მოუწოდა. თუმცა, გააცნობიერა რა ცვლილებების გარდაუვალობა და სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხე, ზურაბიშვილმა სავარძელი გაათავისუფლა. ბოლოს მან განაცხადა, რომ თან მიაქვს „ლეგიტიმურობა“ და საქართველოს დროშა. თბილისს, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მივულოცო ის, რომ ძალაუფლების გადაცემისას თავიდან აიცილა სისხლისღვრა და სიტუაციის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა. ლეგიტიმაცია კი ქალის ხელჩანთა არ არის, რომლის თან წაღებაც შესაძლებელია. ქართველებმა კარგად ისწავლეს უკრაინული მაიდნის გაკვეთილები და არ მისცეს უფლება, რომ მათი ქვეყანა კიდევ ერთ დასავლურ კოლონიად და ახალ ანტირუსულ პლაცდარმად ექციათ. და, როგორც ითქვა, ეს არის კიდევ ერთი „გოლი“  ამერიკული ჰეგემონიის მიმდევართა კარში”.  

კონსტანტინ ზატულინი, დსთ-ს საკითხებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „სალომეს თან მიაქვს „ლეგიტიმურობა“. როგორც ჩანს, მის შენახვას ძველი ტანსაცმლით სავსე სკივრში აპირებს …რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოსგან სრულ შემობრუნებას არ უნდა ელოდეს. ეს არარეალურია. ახალი პრეზიდენტის ამოცანა, პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, არის 2030 წლისთვის „საქართველოს ევროკავშირში შეყვანა“ და ვნახოთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზელენსკისგან განსხვავებით, საქართველოს პრაგმატულმა ხელმძღვანელობამ არ მოისურვა  იარაღი გამხდარიყო სხვის ხელში და კიდევ ერთხელ გაერისკა საქართველო რუსეთთან ბრძოლაში. მე მესმის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არის ბარიერი, რომლის გადალახვაც რთულია ემოციური ქართველი პოლიტიკოსებისთვის. მაგრამ ეს მოცემულებაა, რომლითაც მოუწევთ ცხოვრება. და ყველაფრის მიუხედავად, მოგვიწევს თანამშრომლობისთვის შესაძლებლობების გამოძებნა“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა