“ქართულმა ოცნებამ” ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ სიტყვას – გორელი ჟურნალისტები

1 week ago 10

“ქართული ოცნების” ზონდერებმა არ სცემეს მხოლოდ ის ჟურნალისტები, ვინც ახლა დაშავებულები არიან, გვცემეს ყველა, ყველა ჟურნალისტი, ვინც ვმუშაობთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, – გორელი ჟურნალისტები თბილისში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ დღეს “ქართული ოცნება” ებრძვის ყველას, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს.

“არავის არ უნდა ეგონოს, რომ ჩვენ ამას მოვითმენთ“.

“მთავარის” ჟურნალისტის გიორგი ახალკაცის თქმით, ჟურნალისტებთან ერთად დღეს სისტემა სჯის და ფიზიკურად უსწორდება ყვეალა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს.

“ქართული ოცნების” ზონდერებმა არ სცემეს მხოლოდ ის ჟურნალისტები, ვინც ახლა დაშავებულები არიან. გვცემეს ყველა, ყველა ჟურნალისტი, ვინც ვმუშაობთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის; ვინც ვიაზრებთ, რამდენად რთულ მდგომარეობაშია ახლა ჩვენი ქვეყანა და არავის არ უნდა ეგონოს, რომ ჩვენ ამას მოვითმენთ. ყველას გიპოვით. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ეს პოლიცია და ამათი კოლეგები იპოვიან დამნაშავე ზონდერებს, სუს-ის მიერ მართულ პატარა ბიჭებს, რომლებსაც მხოლოდ კუნთები აქვთ მაგარი და ჰგონიათ, რომ ამით რამეს დაგვიშავებენ”, – ამბობს ახალკაცი.

“ხელისუფლებამ პირდაპირ გამოუცხადა ბრძოლა თავისუფალ სიტყვას, მის ჩასახშობად და გასაქრობად”.

“ხელისუფლებამ პირდაპირ გამოუცხადა ბრძოლა თავისუფალ სიტყვას”, – ამბობს “ნეოტივის” ხელმძღვანელი ნინო ჩიბჩიური. მისი თქმით, ამით ხელისუფლება გზას ითავისუფლებს, რომ ხელი არ შეეშალოთ იმ გეგმის შესრულებაში, რასაც კრემლის სპეცსამსახურები უდგენენ.

მედია ნათელს ჰფენს იმ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც ხელისუფლებას შესაძლოა არ სურდეს. რუსეთის გავლენის ფაქტორების გარდა, ეს შეიძლება იყოს კორუფციული სქემების და მათი უკანონო ქმედებების სააშკარაოზე გამოტანა, რამაც შესაძლოა, ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაცია  სერიოზულად დააზიანოს.  სწორედ ამიტომ ხორციელდება მედიაზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით. წელს კი ხელისუფლებამ პირდაპირ გამოუცხადა ბრძოლა თავისუფალ სიტყვას, მის ჩასახშობად და გასაქრობად, რათა ქვეყანაში ხმის ამომღები აღარავინ დარჩეს და ხელი არ შეეშალოთ იმ დავალებების შესრულებაში, რასაც მათ კრემლის სპეცსამსახურები უდგენენ”, – აღნიშნა ჩიბჩიურმა.

“ამ ქვეყანაში ყველაზე საშიში უკვე ჟურნალისტად მუშაობაა.”

“ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდა, იმედია, სიცოცხლის ფასადაც არ დაგვიჯდება ინფორმაციის მიწოდება” – ამბობს ფორმულას ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ახლავს.

მისი თქმით, პროცესები იმდენად უმართავია, რთულია იმის წინასწარი პროგნოზირება, პროფესიული საქმიანობის დროს გასული ჟურანისტი უვნებელი დაბრუნდება, თუ არა გადაღებიდან.

“ამ ქვეყანაში ყველაზე საშიში უკვე ჟურნალისტად მუშაობაა. ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდა, იმედია, სიცოცხლის ფასადაც არ დაგვიჯდება ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ისეთი უმართავია ეს პროცესი, ვერავის ვერ დავამშვიდებ, რომ ეს ასე არ მოხდება. ყურში დღემდე მაქვს ის ხმა, რომელიც “TV პირველის” ოპერატორისგან მოდიოდა, თავზე რომ ხტუნაობდნენ ეს არაკაცები”.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს შესაძლოა წამების კვალიფიკაცია მიენიჭოს და ეს საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიძიოს.

კულმინაციაა იმ ყველაფრისა, რაც აქამდე ნანახი გვაქვს ჟურნალისტების მიმართ. ერთი იყო ხოლმე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა და ძალადობა, თუმცა ახლა უკვე მე ვფიქრობ, წამების კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს, იმიტომ რომ ფაქტია სჯიან ჟურნალისტებს, მათი საქმიანობის გამო და ცდილობენ მაქსიმალურად დიდი ფიზიკური დაზიანება მიაყენონ. პირდაპირ ეთერში ვნახეთ ჩვენ ეს ფაქტბი და არ ვიცი, მე ნაკლებად მგონია სახელმწიფომ ეს დანაშაულები გამოიძიოს. მე მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ეს საქმეები აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იმიტომ რომ სახელმწიფო გასულია ყველა სამართლებრივი ჩარჩოდან და არ აქვს ნება გამოიძიოს ეს საქმეები”, – ამბობს იურისტი.

“ის დანაშაულები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პრაქტიკულად არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას  და ნებისმიერ დროს შეიძლება მიუბრუნდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება.”

მისივე განმარტებით, ახლა აუცილებელია მოხდეს დანაშაულებების დაფიქსირება და დოკუმენტირება, რადგან ის დანაშაულები, რაც ახლა ხდება არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას და ნორმალური ხელისუფლების პირობებში აუცილებლად მოხდება გამოძიება.

“დღეს აუცილებელია დოკუმენტირება მოხდეს ამ დანაშაულებებისა, დაფიქსირება იმისა, რომ ჩვენ მიმართ ჩადენილი იქნა დანაშაული. დღეს და ხვალ შეიძლება ამ პოლიციის და ამ სამართალდამცავი უწყებების პირობებში არ იყოს გამოძიებული, მაგრამ ის დანაშაულები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პრაქტიკულად არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას  და ნებისმიერ დროს შეიძლება  მიუბრუნდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება. როგორც მინუმუმ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეგვიძლია მივმართოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩადენილი იქნა ჩვენს მიმართ დანაშაული და სახელმწიფოსგან არ იქნა გამოძიებული”, – ამბობს მერებაშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის აქციებზე დაზარალებულ კოლეგებს გორელმა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა 8 დეკეემბერს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი გორის საპატრულო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, მოიხსნეს სამუშაო ტექნიკა და პროტესტის ნიშნად პოლიცის კიბეებზე დააწყეს. ამით მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ძალოვან უწყებას, შეწყვიტოს მშვიდობიან მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობა.

სრულად წაკითხვა