“ქართულო ოცნებავ” როგორ ახერხებ, რომ ყველაზე შეუფერებელ დროს და ადგილას, ისეთი განცხადებები მოგვათხლიშო სახეში, რომ საკუთარი მომხრეებიც კი პირდაფჩენილი დატოვო? – თეა გვასალია

4 days ago 5

წაკითხვა: 5

“ქართულო ოცნებავ”, ახლა ყველაზე ნაკლებად რისი დრო და თავიც გაქვს, ჩემი პოსტების კითხვაა, მაგრამ მოგვიანებით, გადამდგარზე ან დაწყნარებულზე თუ მოიცლი და ამ ნაწერს გადაავლებ თვალს, ჯერ საკუთარ თავს და მერე ჩვენ აგვიხსენი, როგორ ახერხებ, რომ ყველაზე შეუფერებელ დროს და ადგილას, ისეთი განცხადებები მოგვათხლიშო სახეში, რომ საკუთარი მომხრეებიც კი პირდაფჩენილი დატოვო, ოპოზიციას კი, როგორც ჩემს, საბჭოთა ბავშვობაში იტყოდნენ, ისეთი „სატოპკე აუწიო“, რომ მათი, მთელი ძალით მოქნეული ხელი და ბურთი უმწარესად მოგხვდეს ცხვირ-პირში.”- წერს სოციალურ ქსელში მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია.

“ჯერ იყო და კანონი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, ისეთი ფორმულირებით მოგვაწოდე და მიიღე, რომ მხოლოდ სიტყვა „აგენტი“ გვიფრიალე თვალებთან, რომელიც 1937 წლიდან მოყოლებული გვძულს, რამეთუ სწორედ „იმპერიალიზმის აგენტის“ იარლიყით აწამეს და დახვრიტეს მაშინდელი ქართული საზოგადოების ნაღები. დამოუკიდებელ საქართველოში, ზვიადის დროს განსხვავებულად მოაზროვნე – „კრემლის აგენტი“ იყო, მიშას დროს – პირდაპირ „პუტინის აგენტი“ და ახლა თურმე „უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი აგენტები“ გვიქმნიან საფრთხეს. ჰოდა იცოდეთ, რომ არა ეს, რკინის კარზე გასაღების ჩამოსმის ხმასავით გამაღიზიანებელი და ყურისმომჭრელი, გაცვეთილი და გაიაფებული სიტყვა, ისე მიიღებდით ხსენებულ კანონს, მოსახლეობის 80% ვერ გაიგებდა და შესაბამისად არც გააპროტესტებდა.

მერე, ჯერ არჩევნების ვნებათაღელვა არ იყო ჩამცხრალი და გამოხტით გაბუტული ბავშვივით, ეზოში მეზობელმა ბურთი რომ არ ათხოვა და ევროკავშირს გაეჭიმეთ, რას გვაწვალებთ ამდენს, არ გვიღებთ და თქვენი დედაც ვატირე, 2028 წლამდე მაქეთ გამომხედავები არ ვართო. (მერე თავი იმართლეთ, თვითონ აპირებდნენ უარის თქმას და დავასწარითო). მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიძლება „დააბოლოთ“ (ბოდიში ჟარგონისთვის) ევროპულ სოდომ-გომორზე შეთხზული ზღაპრებით, მაგრამ ვისაც იქით გვქონია საქმე, გვისწავლია ან გვიცხოვრია, ხომ კარგად გვესმის, რომ მართლა ბევრი გვიკლია ევროპულ სტანდარტებამდე. ამ კუთხით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა და თუ ამის მერეც არ მიგვიღებენ, საკუთარ ხალხთან მაინც იქნებით პირნათელები და თამამად იტყვით: ხომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც მოგვთხოვეს და ახლა რაღა ჯანდაბა უნდათ ჩვენგანო.

რით ვერ გაიგეთ, რომ დღეს, ხალხის გაღიზიანება და ქუჩაში გამოყვანა თუ გინდათ, მიშა, გრიშა და “ის სისხლიანი 9 წელი”კი არა, ევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობა უნდა დაანახოთ და ნუთუ ასეთი მაზოხისტები ხართ, რომ ეს მანიფესტაციები, ცემა-ტყეპა, ორმხრივი პროვოკაციები, ქალაქის დარბევა, დასახიჩრებული ახალგაზრდები და თქვენი მისამართით წამოსული სიძულვილის ტალღა გსიამოვნებთ?!

და ბოლოს. ტრამპის გაპრეზიდენტება პუტინის შემდეგ, მგონი ყველაზე მეტად თქვენ გაგიხარდათ და რით ვერ მოითმინეთ მის ინაუგურაციამდე ამ თქვენი ეპატაჟური განცხადებებით, იქნებ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი მაინც შეგვენარჩუნებინა.

სიძულვილით გაჟღენთილ და ისტერიულ კომენტარებს წავშლი. პოლემიკაში არავისთან შევალ. თუ არ გააზიარებთ და სტრიქონებს შორის დაფარული აზრის მაძებართა საჯიჯგნად არ დამაგდებთ, მადლობელი დაგრჩებით. ჩემს პარტიულ კუთვნილებას და სიმპატიებს ნუ დაუწყებთ ქექვას, ბევრს ვერაფერს იპოვით. მე ჩემი შვილებისთვის დასატოვებელი ქვეყნის ბედი მადარდებს და მტკივა, თორემ ჩემს თაობას ასეთები გადაუტანია?”- წერს თეა გვასალია.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა