ქერჩის სრუტეში გრძელდება რუსული ტანკერის ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია

6 days ago 7

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში დილით განაახლა ტანკერ „ვოლგონეფტ 239“-ის ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცია, რომელიც გასულ ღამით შეწყდა ძლიერი ღელვის და ქარიშხლის გამო.

სამინისტროს მიერ დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ეკიპაჟის ხუთი წევრი.

გუშინ, 15 დეკემბერს შტორმის შედეგად, ქერჩის სრუტეში მეჩეჩზე აღმოჩნდა და დაზიანდა ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“, რომელზეც 13 ადამიანი იმყოფებოდა და „ვოლგონეფტ 239“, რომლის ეკიპაჟში 14 წევრია.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მაშველებმა 15 დეკემბერსვე გადაარჩინეს „ვოლგონეფტ 212“-ის ეკიპაჟის ყველა წევრი, ერთი კი დაიღუპა. 11 ანაპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტანკერი შუაზე გაიპო.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ორივე ტანკერს გადაჰქონდა, საერთო ჯამში, დაახლოებით 9 ათასი ტონა მაზუთი. საწვავი ზღვაში ჩაიღვარა.

რუსი გამომძიებლები კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ რთულ მეტეოპირობებში ეკიპაჟის შეცდომას და შტორმის ზედმეტად ძლიერ დაწოლას ტანკერების კორპუსზე.

სრულად წაკითხვა