"ღია წერილი საქართველოზე" - ამერიკის 17 ყოფილი დიპლომატი თბილისში ძალადობას გმობს

2 weeks ago 14

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები და საქართველოს საკითხთა ამერიკელი ექსპერტები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან. მიმართვას სათაურით "ღია წერილი საქართველოზე ყოფილი ამერიკელი დიპლომატებისგან", ხელს 17 ყოფილი დიპლომატი აწერს.

"წერილი ასახავს ჩვენს შეშფოთებას და წარადგენს პოლიტიკურ ზომებს, რომელთა მიღება შეუძლია შეერთებული სტატების მთავრობას, რათა მოახდინოს რეაგირება ქართველი ხალხის უფლებებისადმი ამ გადაუდებელ გამოწვევებზე პასუხად", - ნათქვამია შესავალში.

წერილის ავტორები არიან დევიდ კრამერი და ჯონ ჰერბსტი. კრამერი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია და წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. რაც შეეხება ჯონ ჰერბსტს, ის ამერიკის ელჩი იყო უკრაინასა და უზბეკეთში, სახელმწიფო დეპარტამენტში 31 წელზე მეტს იმსახურა, ახლა კი "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.

ერთობლივ წერილში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობის გამო. ხელმომწერ დიპლომატებს ასევე აშფოთებთ "ქართული ოცნების" მიერ მართულ ქვეყანაში დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფის უფრო ხანგრძლივი ისტორიაც.

კრამერის და ჰერბსტის გარდა, ხელმომწერთა შორის არიან: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეები: პაულა დობრიანსკი, დენიელ ფრიდი და ეველინ ფარკასი. მას ასევე ხელს აწერენ: ალექსანდრე ვერშბოუ, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და რუსეთში; კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და ბელარუსში; უილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში; რობერტ სეკუტა, აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში; თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური და სხვები.

გთავაზობთ 17 ყოფილი დიპლომატის მიერ ხელმოწერილი წერილის სრულ ტექსტს:

"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ჩათვლით, რომლებიც მსახურობდნენ და/ან მუშაობდნენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა საკითხებზე, უმკაცრესად ვგომბთ საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ჩვენ ასევე გვიჭირს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაგება, რომელიც იმართება "ქართული ოცნების" დეფაქტო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ - შეაჩერონ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეაქო რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, გამოიწვია ათიათასობით ქართველის მონაწილეობით გამართული ბოლო დემონსტრაციები.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გადაწყვიტა, შეეთავაზებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, "ქართული ოცნების" მთავრობამ და პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არასწორი მიმართულებით. მან მიიღო რუსული სტილის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შესახებ, შეუტია ლგბტქ თემს, იერიში მიიტანა „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ [იგულისხმება შეერთებული შტატები], იმ აბსურდული მტკიცებით, რომ ის ცდილობდა საქართველოს ჩათრევას რუსეთის წინააღმდეგ ომში. და ბოლოს, ჩაატარა არჩევნები, რომელიც "ოდირის" [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის] შეფასებით, იყო აღბეჭდილი „შეშფოთებით, ახლახან მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მისი გავლენით ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სიტყვიერად დაესხნენ თავს შეერთებული შტატების წინა ელჩს კელი დეგნანს და კონგრესის წევრებს. განვითარებული მოვლენების მთელ რიგს რუსეთისა და პუტინის მხრიდან ხოტბა-დიდება შეხვდა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს $6.5 მილიარდზე მეტი დახმარება გაუწია. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღიდან მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. და საქართველო გახდა რეფორმების ერთ-ერთი ლიდერი უფრო ფართოდ, რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან პროამერიკული და პროევროპული და მათ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.

ეს აშკარად კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთ. სასწორზეა საქართველო, როგორც თავისუფლების შუქურა და რეფორმების პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, შეერთებული შტატები ქართველ ხალხს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს, მოქმედების დრო დიდი ხანია დამდგარია.

ეს ავტორიტარული პოლიტიკა დანერგეს ოფიციალურმა პირებმა თბილისში და მათმა აგენტებმა, ვისაც პირადი უპირატესობის ინტერესი ამოძრავებს. შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს მათ გათვლებზე და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ბოლო ძალადობა. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ანგარიშვალდებულება დააკისროს პასუხისმგებელ პირებს.

ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა შემდეგ ზომებს უნდა მიმართოს:

  • შეაჩეროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მათ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით წამოჭრილი სერიოზული კითხვები და ანალოგიურად შეაჩერონ ახალი პარლამენტის აღიარება და ქართული ოცნების მთავრობის ხელახლა ჩამოყალიბება.
  • მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზედამხედველობით, რისი საშუალებითაც შეიქმნება გზა დემოკრატიული განახლებისთვის.
  • მოუწოდოს საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია - ქართული დემოკრატიის საფუძველი, უარი თქვან ამ დოკუმენტთან შეუსაბამო განკარგულებების შესრულებაზე, მაგალითად - რეპრესიებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • დაუწესდეს სასწრაფო და საჯარო სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და სხვებს მთავრობასა და პარლამენტში, ვინც მსგავს ავტორიტარულ ქმედებაში იყო ჩართული. ეს ასევე უნდა მოიცავდეს პოლიციელებსა და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და მიმართავდნენ არაკეთილსინდისიერ ქმედებას საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას.

ყველა ეს ზომა უფრო ეფექტიანი იქნება, თუკი ის ევროკავშირთან ერთად იქნება მიღებული. ევროკავშირთან თუ მის გარეშე, ეს ნაბიჯები ეჭვს არ დატოვებს, რომ შეერთებული შტატები ცალსახად დგას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით.

სრულად წაკითხვა