WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ლექსები · ღმრთისმშობლის დანაპირები ათონელების მიმართ · ღმერთი სიტყვის მაცხოვნებელი განკაცების შესახებ

არროს დამცხრალა მხცოვანი და დიდი ათონი,-

რაც ჯვარცმის შემდგომ უფლის დედას მიერთვა ძღვენად, –

რომ ასაზრდოოს თავის ფერხთით ხემცენარენი,

ყვავილნი ბევრნი, აღმონაცენთ კეთილნაყოფნი.

მოციქულებთან ერთად როცა ათონს მოადგა,

დედა უფლისა შეევედრა ყოვლადსანატრელს:

„შვილო ჩემო და ღმერთო ჩემო, გთხოვ, მე მიბოძო

წალკოტი ესე, რათა საღვთო ბაღჩა გაშენდეს.

კიდით კიდემდე რომ დამშვენდეს, აღმოაცენოს

ღვთივგანბრძნობილი ხეები და ამო მაღნარნი,

რომ დაარხიოს და იგემოს ტკბილნი ნაყოფნი,

ამო სურნელით დატკბეს ყველა სიბრძნის მძებნელი.

ირბინ-ეძიოს იმ მძებნელმა, ნუ დაიღლება,

დიდი დათმენით მოერიოს სულმოკლეობას,

ყოფით საფიქრალს ნუ დაუთმობს სულის სიწრფელეს,

ზრუნვა-წუხილით ნუ შეირყვნის სულის ზეობას“.

უტყუარია მოწმე – ღმერთი, თავად უფალი –

ცისა და მიწის ფრინველ-ქვემძრომთ თუ ასაზრდოებს,

კაცს მიატოვებს, თავისივე ხატად მოვლენილს?

არ დაიფარავს, არ დაიცავს? ზრუნვას მოაკლებს?

ეს თუ არ კმარა; აქვე არის მეორე მოწმეც –

გესმას ღვთისმშობლის, დედოფალი მარიამისა,

რომელიც ამბობს: „ვინც აქ დარჩა და მე მომიხმო,

არც მონაზვნური ქცევა-ქმნანი უდებუყვია,

მას მე მივინდობ, ზრუნვის კალთას გადავაფარებ,

გამოვკვებავ და ვუმკურნალებ, თუ რამ დასჭირდა.

ჭირში დავიხსნი, ვუმეოხებ უფლის წინაშე,

თანამგრძნობელი ვეყოლები ზეცაში მუდამ,

რამეთუ მე ვშევ, ხელში მეპყრა, რძით გამოვკვებე

ჩემი უფალი, შემოქმედი, ღმერთი ყოველთა –

გარს რომ არტყიან საყდარნი და ხელმწიფებანი,

ქერუბიმები, სერაბიმნი, ანგელოზები,

წინასწარმეტყველთ, მოციქულთა, მარტვილთ, ღირსთ დასნი,

მეც – დედოფალი მიწიერთა და ცისიერთა.

თუ მოისურვებ, გამიგონე, იტვირთე ჭირი

და ჩემი ძის ჯვარს ნურასოდეს ნუ მიატოვებ,

სამარადისო სიხარული ძღვნად გელის ცაში

ყველა წმინდანის ლოცვით,

ჩემი შუამდგომლობით“.

ამინ.

2.

[ღმერთი სიტყვის მაცხოვნებელი განკაცების შესახებ]

აი, დასრულდა, აღესრულა ჩემი წადილი

და ჩემი სულის საგანძური სულ მთლად დაივსო,

მე მელნით ვწერე, დაგიწერე წიგნი, რომლითაც

ცხადვყოფ სიყვარულს, შენდა მომართ რომ მაქვს, მოყვასო!

ვშიშობ არ ვიქნე განკითხული, ვით მონა იგი,

ტალანტის მფლველი, შერაცხული ბოროტმოქმედად –

გვედრით მხურვალედ, შეიწყნარეთ მონა უხმარი

მონაზვნებმა და ყველამ, ვისაც ქრისტე გწადიათ.

ნდომით იკვლიეთ, შეეცადეთ, თქმულის სულს ჩასწვდეთ,

ვიცი, ნაწერი სულის სარგოდ გამოგადგებათ,

და თუ ისურვებთ, შეუდექით ამ გზას, რომელიც

უცდომელია ქრისტეს მადლის დასამკვიდრებლად.

რატომ? – რომ უფრო მალე მიჰხვდე, რათა ეწიო

და შეიძინო მარგალიტი უძვირფასესი,

ქრისტე მოგიხმობს შენც, და ყველას განურჩეველად,

ზურგს არვის აქცევს, გულწრფელი და მართალი იცის.

ის მოგეგება გასამრჯელოდ, რაც აირჩიე,

რა განწყობაც გაქვს, რაც იღვაწე, რაც შეიჭირვე,

ნაკლულოვნებას არ დაგიგმობს, ქრისტე ამას გთხოვს:

ნიჭი ამრავლე, ბედს ეწიე, ღმერთი ადიდე.

არად სჭირდება უფალს შენი ჯაფა-შრომანი,

არამც და არამც არ იგუო ამგვარი ფიქრი,

ვით მოყვარული მამა ცდილობს შვილის დამოძღვრას,

ისე გამზადებს, სასუფევლის რომ გახდე მკვიდრი.

ოღონდ ეცადე, რომ არ იყო უდები, ურჩი,

მრისხველ-მდრტვინველი, მოაუგე და გამკითხველი,

ძვირისმეტყველი, ჭორიკანა, ამპარტავანი,

თავმოთნე, ბრიყვი, უმოწყალო, პირისგამტეხი,

ნელთბილ-მცონარა, ხარბი, ძუნწი და პირპატივა,

ვერცხლისმოყვარე, ძმის მოძულე და დამცინავი,-

მაშინ ეძიე შენივ თავში ბრალი, რომელიც

ქრისტეს კი არა, ურწმუნებით თავად მიგიძღვის.

ეს ყველაფერი განგაყენებს ქრისტეს სიმდიდრეს,

საბოლოოდ კი ერთ უვარგის მონად გარდაგქმნის,

საღმრთო სიყვარულს გაგინელებს, გაგაგულგრილებს

და რჯულისკანონს ხელერთიან დაგარღვევინებს.

შეიბილწება შენი საღმრთო შესამოსელი,

ხელფეხშებორკილს მარადიულ ცეცხლში გიხილვენ.

ო, აგვარიდე, ქრისტე, გვედრით! შენ არ მოგშორდეთ,

ოღონდ როდისმე შენს სიყვარულს ჩვენ არ მოვაკლდეთ.

გვითხარ, გვასწავლე, ვით ვიაროთ, შენ გაგვანათლე,

სახიერებამ შენმა, გვითხარ, როგორ გვიწყალოს, –

შენ გვერდით ვიყოთ უკუნითი უკუნისამდე

და მოუკლებლად გადიდოთ შენ, ყოვლთა უფალო!

კეთილმოქმედი ღმერთი ქვეყნად რომ მოგვევლინე

და გახდი კაცი, რომ ცოდვილნი გეცხოვნებინა,

ვით არ ვუმღერო, სახიერო, შენს მოწყალებას,

შენს უხვ საჩუქარს, უსაზომო კაცთმოყვარებას,

– რომ ხრწნადსა და მყრალს, თიხას, ტალახს არ შეიძაგებს,

ნივთს, შეურაცხი სისაზიზღრის მიუხედავად;

ცოდვის გარეშე იშვი კაცად, მერე ტიროდი,

ვით ჩვილი ბავშვი, მოსავლელი შესაბრალისად.

რძით საზრდოობდი, დედის ძუძუს ჩვილივით წოვდი,

გინანავებდნენ, გაძინებდნენ და იზრდებოდი;

ჯდომა ისწავლე, სიარულიც, ისევ ბავშვივით,

ტიტინებდი და ლაპარაკშიც იწაფებოდი.

მერე შეძელი ჭამის სწავლაც, მოკვდავებისებრ,

წყურვილისას კი წყლის დალევა შენით შეძელი,

ნაცნობებს სცნობდი, უცხოთაგან თავს ირიდებდი,

დედა გიყვარდა და მის კალთას ეფარებოდი.

ჰოი, სიმდაბლე, სათნოება, თანამლმელობა!

ოჰ, უდიდესი ამტანობა და სულგრძელება!

მისი, რომელმაც შექმნა ციურ ძალთა ბუნება

და ერთი მზერით მთელ სამყაროს მართავს მარადჟამს.

დღეს კი ინება, ძეს კაცისას დამსგავსებოდა –

თავის ქმნილთაგან იღებს სწავლას და დარიგებას,

შეიმოსება, ხამლს ჩაიცვამს და შეუდგება

მშობლებისათვის სარჩოდ პურის ძებნა-პოვებას.

რომ აცივდება, მასაც სცივა, სიცხეში ოფლს ღვრის,

შრომა ღლის მასაც და კაცივით ითმენს გასაჭირს…

ჰოი, სიტკბოებავ, სიყვარულო განუზომელო,

შენ დაითმინე ეს ყოველი შენივ შვილთათვის…

შემდეგ კანაში საქორწილო კრებულის თვალწინ

წყალი აკურთხე და ის წყალი ღვინოდ გარდიქცა;

და მდინარეში, იორდანეს წყალში შესულზე

მამის მოწმობა სულ-მტრედად ზეგარდამოვიდა, –

რომ მისი ნებით მოგვევლინე, რომ გვმართებს შენი

დაჯერება და შენი ბაძვა, თუ გვინდა ვცხონდეთ;

და მონათლულმა ნათლით ბანე ბუნება ჩვენიც,

მიწა განწმიდე და ტალახი განასპეტაკე.

შენთა მოწაფეთ ქვეყნის კიდე მოავლევინე

და დაავალე, გაანათლონ მთელი მსოფლიო.

ჰოი, ცოდნაო, საღმრთო ცოდნავ, საღმრთო სიბრძნეო!

ვით აღმოგვიხვენ, აღმოგვდენე ცოდვის ხნარცვიდან?!.

და მოწაფეთა ბაგეებით ყველას უქადებ,

რომ ბოროტება დაუტევონ, სიცრუეს ამხელ,

რომ შეინანონ, აღიარონ ცოდვანი თვისნი,

წყლითა და სულით კაცთა ძენი რომ მოინათლონ.

ასე შეძლებენ ცოდვებისგან თავი დაიხსნან

და დაიმკვიდრონ ზეცად საღმრთო სასუფეველი,

და რომ ერწმუნათ, რომ შენა ხარ ძე და ღვთის სიტყვა,

გარდმოავლინე ნიშნები და სასწაულები.

საპყარ-კოჭლები ააყენე, კურნება მიეც,

ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნე, სისხლმდინართ – შვება,

მუნჯს ენა უძღვენ, დამშეულნი ჰურით აავსე,

მკვდრებს ოდენ სიტყვით მოუვლინე კვლავ აღდგინება.

… და ამ საქმეთა შურის გამო აღბორგებულმა

ებრაელებმა მოინდომეს შენი აღხოცვა…

საღვთო სუნთქვაო, ჩემო ტკბილო იესო, ვაი!

ვაი, ნათელო თვალთა ჩემთა, სასოებაო!

ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენი ხსნისთვის როგორ შეძელი,

რომ დაგეთმინა ესოდენი მზაკვართ ვნებანი?!.

ყველა ყვიროდა: შეიპყარით, ჯვარს აცვით იგი,

სასწაულს ახდენს, როცა ეს არ შეიძლებაო!

ჰოი, მზაკვარნო, ძენო კაცთა, ებრაელებო,

ვირი, ტალახში ჩარჩენილი, მაშ, არ ამოგყავთ?

ნუთუ არ გესმით, საბრალონო, რომ ღმერთი ზეცის

შემოქმედია, და უფალი თვით შაბათისაც?!

ვით ჩამოვთვალო ეგ ვნებები, ქრისტეო ჩემო,

არ დაითვლება, რაც გაწიეს, ო, ჩემო ქრისტე,

როგორ შეგიპყრეს, ყველამ შეგკრა, გზას გაგიყენეს,

გცემეს, ყვრიმალს გცეს და ჯვარითურთ წინ გაგიძღვანეს.

…თორმეტი ჰყავდა მოწაფე და ერთმა გაყიდა,

მეორემ სამჯერ დაგმო იგი და შეაჩვენა,

სხვებმაც უგანეს, მიატოვეს მტრების ხელში და

შიშს დაემონნენ, რომ იგივე არ დამართოდათ.

ო, ტკბილო სუნთქვავ, ვაი, ჩემი სულის ნათელო!

ჩემო სიცოცხლის ყვავილო და ვაი, ნუგეშო!

როგორ ითმინე მოღალატის, ფიცის გამტეხის,

ურჩი, მზაკვარი და მოჯანყე კაცის გულისთვის?

ვით მომიბრუნდეს ენა ჩემი, როგორ უნდა ვთქვა,

ხის ჯვარზე ქრისტეს უპირებენ ხელ-ფეხთ გაწონვას!

ერთს გაუჭიმავს მისი ფერხნი, მეორე ლურსმავს,

მესამე ხელებს განუზიდავს, რომ მიუმსჭვალოს.

სახეში სცემენ, ამცირებენ, სხვა კი აგინებს,

ბოროტმეტყველებს: თუ ძე ხარ ღვთის, თავს უშველეო…

წყალი ითხოვა მწყურვალმა და – გოდებდე, სულო –

ბაგესთან ძმარი მიუტანეს, რომ დაელია!

ავაი, მაგ თქვენს სისასტიკეს, ჰოი, ბოროტნო,

ებრაელებო, საბრალონო, იუდეველნო!

თუნდაც, უბრალო კაცივით რომ შეგცოდებოდათ,

როცა კვდებოდა, მაშინ მაინც რომ არ გეტანჯათ!

და მერე, ოდეს აღესრულა წინასწარ თქმული,

სიკვდილს მოუხმო, და უკვე რომ სული დალია,

კლდენი განიპო, შეძაგძაგდა მთელი სამყარო,

სამარეები გადაიხსნა, მკვდრები წამოდგნენ.

მთვარე დაცხრა და მზეს უკუნი გარდაეფარა,

შიშმა მოიცვა ცა და მიწა, ვინც იყო იმ დროს,

შთახდა ჯოჯოხეთს თვით ეშმაკის დასამარცხებლად

და გამოიხსნა ყველა, ვინაც მისი იწამა.

რომ ამობრუნდა, თავის სხეულს რომ დაუბრუნდა,

კვლავ ლამაზი და ყოვლადკარგი, ყოვლადბრწყინვალე,

საუნჯესავით სახეცვლილი, მთლად ღვთივნათელი,

განღმრთობილი და კაცთა სასოდ – ყოვლადუხრწნელი,

სამი დღის შემდეგ ზეაღმდგარი კვლავ განსწავლიდა

მოწაფეთ, როგორ ექადაგათ მისი მოძღვრება,

ო, ცად ამაღლდა სხეულითურთ, ზეცად აღვიდა,

ქვეყნად დარჩენა ორმოცი დღე ოდენ ინება.

მამაზეციერს მიაშურა ძემ, კაცობრივი

ბუნება, ქმნილი თავის მამის, მასვე მიართვა,

მამამ კი, ნიშნად სიხარულის, სიყვარულისა,

განუზომელი თანალმობით და მოწყალებით

ძვირფას საჩუქარს თავის მარჯვნივ უჩინა ბინა,

რომ განედიდოს უფლისაებრ კაცთა ბუნებაც.

ანგელოზები განკვირდნენ და ცანიც განცვიფრდნენ,

რადგან იხილეს სასწაული ენითუთქმელი.

ქება ისმოდა, დიდება ღვთის, შემოქმედისა,

მასთან ერთად კი ადიდებდნენ კაცთა ბუნებას

და მოდიოდნენ სათაყვანოდ ყოვლისშემქმნელის,

ამასთანავე – განღმრთობილი ხორციელისა.

მოშიშრად, კრძალვით ხოტბას ხმობდნენ ანგელოზები,

როცა ხედავდნენ, თიხას ღმერთი როგორ შეერწყა,

ჰოი, სიყვარულს და დიდება ზღვარდაუდებელს,

უნივთო ღმერთის კაცისადმი გულმოწყალებას!

ვადიდებ, ვმადლობ ჩემს სანატრელ იესო ქრისტეს,

რომ სახარება მაცოცხლებელ წყაროდ მიქცია.

განვკვირვებულვარ, გონგადასულს როგორ მაოცებს –

პატივი, ჩვენთვის ბოძებული, თავად ქრისტეა!

ვითარ მოგვეცი შენმიერი ცოდნის ნათელი,

წმინდა ქალაქში შესაღწევი ცოდნის გვყავ ღირსად,

გვიშუამდგომლებს შენი დედა, თვით ღვთისმშობელი,

ყოვლნი წმიდანნი, შენდა ქებად, სათაყვანებლად,

რომ იქ გადიდოთ, იქ თაყვანი გცეთ,

განუყოფელნი ვიყოთ, გმადლობდეთ.

ამინ.

3.

შენიშვნები

  1. ეს ლექსი გადამწერმა შემდეგნაირად დაასათაურა: „სტრიქონები წიგნის დასასრულისთვის“. ლექსები 2-7 ერთვოდა „ათხმოვან სულითმოძრავ საყვირს“ (იხ. ეპისტოლე 44, გვ.198), როდესაც მცირე ტირაჟით გამოსცა სოტირი სხინამ, ჟურნალ „მთაწმიდური ბიბლიოთეკის“ რედაქტორმა. ↩