ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

6 days ago 7

14 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და საკრებულოს წევრებისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით მხარი დაუჭირა ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. სხდომა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის „არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური“ არჩევნები არის „პაროდია“, რომელსაც „პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს“.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საერთაშორისო გამოხმაურებებს ყაველაშვილის არჩევაზე:

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პირობებში და ყოველთვის უჭერდნენ მხარს ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ამგვარ მყარ საფუძვლებზე აგებული და ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დღეს ყოვლისმომცველად და წარმატებით ვითარდება. მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავაძლიერებთ და გავაფართოვებთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზების მიზნით. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, საქართველოს მეგობარი ხალხის სასიკეთოდ“.

ალექსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის პრეზიდენტი: „ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსისა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“.

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი: „გულთბილად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან როლში!”

ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი: „გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გულწრფელი სურვილით, რომ წარმატებით და წინდახედულად შეასრულოთ საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები, რომლებიც თქვენს წინაშეა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისადმი თქვენი დაუღალავი ერთგულებით გაამართლებთ თქვენს მიმართ გამოვლენილ ნდობას. იმ დროს, როდესაც მსოფლიო მრავალი, რთული და კომპლექსური გამოწვევის წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყნის ლიდერი მოწოდებული იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ გზაზე გეყოლებათ საიმედო პარტნიორი და მეგობარი სერბეთის სახით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის იქნება პრიორიტეტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რასაც ასევე გააძლიერებს ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. ამიტომ, გეპატიჟებით ეწვიოთ მეგობარ სერბეთს, რაც დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი საერთო ურთიერთობების განმტკიცებას.


ჯო უილსონი, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი მოახვიოს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!“

მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია“.

მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ საქართველოს ახალ პრეზიდენტად არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ყველა საკონსტიტუციო ინსტიტუტის „Gleichschaltung“-ისკენ [ხელში ჩაგდებისკენ]. მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოს დაყოფას, გადატრიალებას გეგმავს და სურს გაანადგუროს ლიბერალური დემოკრატია“.

Liberal International- ALDE, ერთობლივი განცხადება: „ჩვენ კვლავ ვაღიარებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და მის მიღწევებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა