„ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - ირაკლი კობახიძე

1 week ago 2

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს პრეზიდენტად არჩევას და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში. ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში“.

ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას ახსენა ყოფილი პრეზიდენტებიც:

„20 წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის“.

14 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის მზადაა საზოგადოებასთან დიალოგისთვის:

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ჩემი შეთავაზება. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, მნიშვნელობა არ აქვს არსებითად არც შეხვედრის დროს და ადგილს, ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ ასეთი ტიპის დისკუსიას. საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს“.

14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეჩვიდმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

სრულად წაკითხვა