ყაველაშვილმა ალიევისგან მილოცვა მიიღო

1 week ago 4

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაველაშვილს მილოცვის წერილი გაუგზავნაგაუგზავნა.

“გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას.

აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა  მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის,”- სწერს ალიევი მიხეილ ყაველაშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია და ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, შესაბამისად, პარლამენტს, ისე როგორც უკვე პრეზიდენტს, ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს.საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა უნგრეთისა.

ყაველაშვილის ინაუგურაციას “ქართული ოცნება” 29 დეკემბერს გეგმავს.

ქართულ საზოგადოებას მიხეილ ყაველაშვილმა თავი დაამახსოვრა გინებით. რუსულმა პრესამ კი მის შესახებ დაწერა, რომ ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი ხდება.

მიხეილ ყაველაშვილს არც უმაღლესი განათლება აქვს.

როგორც ყაველაშვილის წარდგენისას ივანიშვილმა თქვა, „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა“.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი არავითარ ქონებას არ ფლობს, გარდა ავტოფარეხისა.

ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიიდან. მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის თქმის“ მიზეზით გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი გახდა და ერთ-ერთ ის დეპუტატი იყო, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ყაველაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით.

წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.

შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.

სრულად წაკითხვა