„ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, რომ არ სურთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა, 2028 წლამდე

2 weeks ago 6

„ყველაფერი გასაგებია“, - ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას.

საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს, ბრიფინგზე წარმოთქვა:

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.

პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ არაფერი არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ ტყუილია“.

30 ნოემბერს, გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - „საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“.

ირაკლი კობახიძემ, პირველ დეკემბერს, „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. თქვა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ, ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე“.

2 დეკემბერს საელჩოს განცხადებამდე, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა: „სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა“.

სრულად წაკითხვა