ყველაფერი, რაც გაფორმებული არაა ე.წ. უწყების მიერ ჩადებულია - კეზერაშვილი მისი სახლის ჩხრეკაზე

2 weeks ago 5

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი განმარტავს, რომ თბილისში, მისი სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და გაფორმებულია, ხოლო "ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. უწყების მიერ ჩადებული". ამის შესახებ იგი ფეისბუქგვერდზე ავრცელებს განცხადებას.

"ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. [...]", - წერს კეზერაშვილი.

6 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში (ამაღლების N12) 5 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ.

განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი“.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას.

შსს-განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“.

ამავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში უკვე დაკავებულია 26 პირი.

სრულად წაკითხვა