“ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს გარუსებას” – გორელების პროტესტის მეორე დღე

3 weeks ago 10

“მე არ მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც პუტინი გადაწყვეტილებებს უწონებს და ულოცავს, მე მინდა ხელისუფლება რომელიც რეალურ ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ”, – ეს განცხადება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მოქმედმა მასწავლებელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გააკეთა.

მან სხვა მოქალაქეებთან ერთად, გორის ცენტრში კიდევ ერთხელ გააპროტესტა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ.

ბრაზი დიდიხანია გროვდება არამხოლოდ ჩემში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, თუმცა გუშინწინდელმა და გუშინდელმა თავზე ლაფის დასხმამ ბოლო წვეთის როლი ითამაშა იმ ხალხის მოთმინების ფიალაზეც, რომლებიც აქამდე ქუჩაში არ გამოდიოდნენ. ახლა ბევრი ადამიანია ქუჩაში, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ; ფიქრობდნენ, რომ არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი აზრი და ეს იყო საკმარისი, მაგრამ სახლში ჯდომის დრო აღარ არის, რადგან ახლა გადამწყვეტი მომენტია. მე ჩემი შვილებისთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის მინდა ევროპასთნ მჭიდრო კონტაქტი და ამ ქვეყნის სწორი, ბუნებრივი და ისტორიული განვითარება, რომელიც აუცილებლად ევროპაზე გადის“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

გორის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ, შეიკრიბნენ ის მოქალაქეები, ვისთვისაც მიუღებელია ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარის თქმა. მათი აზრით, მთავრობის ეს ქმედება, კონსტიტუციის უგულვებელყოფაა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლალი ზურიაშვილი ერთ-ერთია, ვინც გორში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. ის კოლეგებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ გორიდან თბილისში დაგეგმილ აქციასაც უერთდება.

“რაც არჩევნები მიიტაცეს, მას მერე ვდგავარ ყველა აქციაზე. საღამოობით მივდივარ აქციებზე და დილის 6 საათზე ვბრუნდები სახლში, რომ სკოლა არ გავუცდინო ბავშვებს. დემოკრატიის პრინციპებზე ვზრდი მომავალ თაობას და მე დარწმუნებული ვარ, ცენზურაც კი, იქნება ჩემს საგანთან დაკავშირებით, არადა თავისუფალი მოქალაქის აღზრაში დიდი როლი მაკისრია. მე მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, ხალხო, სად დგახართ! ახლა გაჩუმების დრო არ არის! კეთილი განზრახვები არაფერია თუ კეთილ ქმედებებში არ გადაიზარდა. ვიცი, ბევრი შინაგანი ბობოქრობით აპროტესტებთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, გამოდით დაიცავით ჩვენი მომავალი თაობა“, – ამბობს ლალი ზურიაშვილი.

აქციაზე იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა შიშის დრო არ არის და აუცილებელია ევროპული ღირებულებების დასაცავად გაერთიანება.

„მეც მაქვს გარკვეული შიშები და პასუხისმგებლობები, თუნდაც ოჯახთან მიმართებაში, რადგან ოჯახს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, პოზიცია, მაგრამ ეს ჩემი აზრია და მე უნდა ვიდგე აქ, ასე ვთვლი. მე პირველ რიგში ჩემს სინდისთან მინდა ვიყო მართალი. დღეს ძალიან ბევრი საქმე გადავდე, რომ აქ ვყოფილიყავი, მაგრამ ვიაზრებ ამ პასუხისმგებლობას და მინდა, რომ ადამიანებს ეს ესმოდეთ, ყველას უნდა გვესმოდეს, დიდს, პატარას, ვინც ვიაზრებთ რომ ევროპა კარგია. მთავარია, არაფრის გვეშინოდეს და ის ხალხი, ვინც ერთ აზრზე ვდგავართ გავერთიანდეთ. მინდა, ვიყო მაგალითი, რომ არ არის შიშის დრო“, – აცხადებს პაატა მაჩიტაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე იკი ქოთოლაშვილი ამბობს, რომ ახლა დუმილი დანაშაულთან ერთად, ქვეყნის ღალატიცაა, რადგან ახლა დგას ის გადამწყვეტი წუთი, როცა საქართველო ან იქნება ევროპა ან რუსეთის გუბერნია.

ადამიანები, ვინც კობახიძეს ტაშს უკრავს, მათ ქართულ ენაზე ვეუბნები, ხალხო, ეს არის საქართველოს გაჩერება. წარსულში, ვისაც ვაშლი გაგქონდათ რუსეთში და ამით ცხოვრობდით, ეს ცხოვრება არ არის და ეგ დრო აღარ დაბრუნდება. ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ, თუ დღეს სამსახურები გაქვთ, ეს მალე აღარ გექნებათ. ევროპა რომ დახმარებას შეაჩერებს, პირველ რიგში, ამას უბრალო ადამიანები ვიგრძნობთ ჩვენს მხრებზე, ამიტომ ვიდრე დრო ჯერ კიდევ გვაქვს, უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს გარუსებას“, – ამბობს იკი ქოთოლაშვილი.

გორელები დღის ბოლოს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს და როგორც ამბობენ, მათი პროტესტი იქნება მზარდი და უწყვეტი.

სრულად წაკითხვა