პოლიციელებმა, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ცენტრის თანამშრომლებმა და კაზაკებმა ჩაატარეს ერთობლივი რეიდი კრასნოდარის ოლქში მდებარე სტანიცა მარიანსკის სამშენებლო მოედანზე. ასეულობით მუშა კოლონებად გაამწკრივეს ფორმიანი ხალხის წინ და უკრაინაში საომრად წასვლის კონტრაქტებზე ხელმოწერა შესთავაზეს. როგორც "კავკაზ.რეალიი" წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყნის დატოვებით დაემუქრნენ.
სტანიცა მარიანსკაში ეს რეიდი მოჰყვა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებას, რომლის თანახმად რეგიონში 2025 წელს იგეგმება უცხოური სამუშოა ძალის სრულიად აკრძალვა, ვინაიდან ადგილობრივ შრომის ბაზარზე "ადგილობრივები აღარავის სჭირდება "
მშენებლობაზე პოლიციამ შეამოწმა "რუსეთის ტერიტორიაზე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მოქალაქე 85 უცხოელი მუშის ყოფნის კანონიერება.
როგორც გამოცემა "მაშის" მიერ გამოქვეყნებული ვიდეოფრაგმენტი ცხადყოფს, უცხოელ მუშებს სამხედრო კომუფლიაჟსა და ე.წ. ბალაკლავებში ჩაცმული ბადრაგი დაჰყვება. მოგვიანებით პლაცზე მდგარ მუშებს, ერთ-ერთი სამხედროფორმიანი უხსნის, რომ მათ უნდა გააფორმონ კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. კონტრაქტები იდება ერთი წლით, მაგრამ სამხედრო პირი არაფერს ამბობს მობილიზაციის შესახებ მოქმედ დადგენილებაზე.