„შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის“ — შშმ პირთა აქცია კანცელარიასთან

2 weeks ago 16

დღეს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების, მათი მშობლების, მხარდამჭერების, უფლებადამცველების აქცია გაიმართა. აქციის მიზანი მიმდინარე მასშტაბური პროტესტის მხარდაჭერა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების მხარდაჭერა იყო.

ტრანსპარანტებზე, რომელიც შშმ პირებსა და მათ გულშემატკივრებს ეკავათ, წაიკითხავდით:

  • „შშმ პირები განსაკუთრებულ საფრთხეში ვართ.“
  • „შენ ძალადობ შენს მოქალაქეებზე. შეწყვიტე!“
  • „შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის!“
  • „ჩვენი მომავალი ევროკავშირში ინტეგრაციაზეა დამოკიდებული.“
  • „ქართულო ოცნებავ“, შეწყვიტე ძალადობა შენს მოქალაქეებზე!“

აქციას წინ უძღოდა დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, სადაც ნათქვამია, რომ ასოციაცია, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, აქტივისტების, მშობელთა ასოციაციების და შშმპ თემის მხარდამჭერების სახელით, გმობს ძალადობას, მოუწოდებს მთავრობას დაიცვას კონსტიტუცია და დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ ორბიტაზე, რაც შშმ პირთა თემისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა.

ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალს და დამოუკიდებელ ცხოვრებას. ევროპული და აშშ-ის სტანდარტები ჩვენი მხარდაჭერითი სერვისების განვითარების მოდელს წარმოადგენს და პრაქტიკული მაგალითებით გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებები.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა თემის გაძლიერებისთვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ჩართულობისთვის, კანონმდებლობისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის და ახალი სერვისების პილოტირების პროცესებისთვის.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ფინანსური მხარდაჭერის უარყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება უცხოელი პარტნიორების მიმართ არა მხოლოდ ევროპულ მომავალს გვართმევს, არამედ იმ პროგრესსაც, რაც წლების განმავლობაში იყო მიღწეული. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, სიძულვილის ენას, აგრესიას და ძალის გადამეტებას, რაც მოლაპარაკებების პროცესსა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ჩიხში აქცევს.

გვინდა ყველას გასაგონად ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება განსაკუთრებით აზიანებს მოსახლეობის მოწყვლად ფენებს, მათ შორის შშმ პირებს. ჩვენ არ გვაქვს სხვა სამშობლო, არც გაქცევის გზა და ჩვენი ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება.

მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში!“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არამარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

ხუთი ღამე გავიდა, რაც ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები ძალადობრივად ირბევა გამთენიისას, 2 დეკემბრის ღამეს კი, უკვე 10-ის ნახევრიდან. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი უკვე ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

ფოტო: მიკა ძიძიგური

სრულად წაკითხვა