4 ნოემბერს რადიო თავისუფლება გორში ამ საქმის სასამართლო განხილვას დაესწრო - საქმის განხილვა არსებითი განხილვის ეტაპზეა, მხარეები მოწმეებს ჰკითხავენ.
„შეხედეთ, კარგად შეხედეთ და ეცადეთ, თანმიმდევრობა დაიმახსოვროთ“, - ეუბნება მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი ლაშა აბისულაშვილს.
მოწმე ერთმანეთის გვერდით მსხდომი პოლიციელების სახეებს აკვირდება. ამის შემდეგ ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გადიან.
პოლიციელებმა ამ სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვაზე დასწრება არ ისურვეს.
ლაშა აბისულაშვილი ძალადობის თვითმხილველიცაა და მსხვერპლიც. მეგობართან, პაპუნა ლოცულაშვილთან ერთად, პოლიციელებმა ისიც სცემეს.
ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გასვლის შემდეგ, ლაშა აბისულაშვილის დაკითხვა ბნელ ოთახში ხელის ცეცებას ემსგავსება.
„რომელი სცემდა თქვენს მეგობარს?“, - კითხულობს პროკურორი, დემეტრე ზუბაშვილი.
„მარცხნიდან პირველი ან მეორე იყო“, - პასუხობს მოწმე.
„მარჯვნიდან პირველი ვინაა?“, - სიცხადის შეტანას ცდილობს პროკურორი და მოწმეს სახელებისა და გვარების დასახელებას სთხოვს, თანაც იმ მიმდევრობით, როგორც ისინი სასამართლო დარბაზში ისხნდნენ.
მოწმე ნერვიულობს, ცდილობს შეცდომა არ დაუშვას და თავს იმართლებს: „ძალიან რთულია ასე თვალით დამახსოვრება, გამოიყვანეთ თითოეული და ყველას სახელსა და გვარს გეტყვითო“.
სირთულეების მიუხედავად, მოწმეს შეცდომა მაინც არ დაუშვია.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩემზე კარგი მახსოვრობა აქვს, კარგად დაიმახსოვრა ექვსივე“, - აქებს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი.
ლაშა აბისულაშვილს დაზარალებულის სტატუსიც აქვს მინიჭებული. მის ავეჯის საამქროში იყო სტუმრად მისული საქართველოს ბანკის თანამშრომელი პაპუნა ლოცულაშვილი. „ცოტა მიირთვეს“ კიდეც, ძალადობა კი იმ დროს მოხდა, როდესაც ლოცულაშვილი სამსახურში ბრუნდებოდა.
ლაშა აბისონაშვილმა „არაადამიანური ღრიალის ხმა გაიგო“. გარეთ გასულმა კი მიწაზე დაგდებული მეგობარი დაინახა, პოლიციელებით გარშემორტყმული, რომლებიც პაპუნა ლოცულაშვილს ურტყამდნენ.
„გარეთ გავედი და ეს ამბავი დავინახე... სამი პოლიციელი თეთრი ჯეტათი ( სედანის ტიპის ავტომობილი - რ.თ.) იყო მოსული. პაპუნა გაკავებული ჰყავდათ... ვიკითხე რა მოხდა-მეთქი? - მანქანა ფეხებთან დამიტორმუზა უხეშადო და მერე ხელი დამარტყაო, მაგის თქმა იყო და ისევ ხელი მოუქნიეს... პაპუნაზე ყველაზე მაღალი ძალადობდა... ვინც პაპუნას სცემა, იმან მცემა მეც... სამიდან ორი პოლიციელი ვითარების განეიტრალებას ცდილობდა, არ ძალადობდნენ... რამდენიმე წუთში დამხმარე ჯგუფი მოვიდა და ადგილი პოლიციელებით გაივსო“, - გაიხსენა 5 თვის წინ მომხდარი ლაშა აბისულაშვილმა.
„ყველაზე მაღალში“ პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის განმარტებით, ლაშა აბისულაშვილი გიორგი წკრიალაშვილს გულისხმობს. „ესაა პიროვნება, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი ორივეზე ძალადობისთვის“.
პროკურატურა იძიებს გადაამეტეს თუ არა პოლიციელებმა უფლებამოსილებას და იძალადეს თუ არა მათ ახალგარდა კაცზე.
დაკავებულები არიან:
- ვლადიმერ გოდერძიშვილი;
- ვანიკო მისირელი;
- გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი;
- ალექსი ბადალოვი;
- ბესო მალაციძე;
- საბა წაველიძე.
ამ პოლიციელებიდან ბრალს მხოლოდ ალექსი ბადალოვი არ აღიარებს. თუმცა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მის ადვოკატს განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
„დიახ, ბადალოვი იყო შემთხვევის ადგილას, თუმცა არავისზე უძალადია, ეს დაადასტურა მოწმე ლაშა აბისულაშვილმა, მან თქვა, რომ ალექსი ბადალოვის ძალადობა არ დაუნახავს“, - თქვა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
პროკურორის თქმით, ის, რომ ლაშა აბისულაშვილს ძალადობია არ დაუნახავს, არ ნიშნავს, რომ პოლიციელს არ უძალადია. ვიდეოკადრებში, რომელიც ამ საქმის ერთადერთი მთავარი და ნეიტრალური მტკიცებულებაა, ჩანს, რომ მათ შორის ბადალოვიც ურტყამს ლოცულაშვილს, „ამიტომ წავუყენეთ ბრალი“, - ამბობს პროკურორი.
პოლიციელების ძალადობის ამსახველი კადრები გორელმა ჟურნალისტებმა ლადო ბიჭაშვილმა და გიორგი ახალკაცმა გადაიღეს და გაავრცელეს. აღმოჩნდა, რომ ლადო ბიჭაშვილი სწორედ იმ კორპუსში ცხოვრობს, რომლის წინაც პაპუნა ლოცულაშვილს და შემდეგ მის მეგობარს - ლაშა აბისონაშვილს - პოლიციელების ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.
ალექსი ბადალოვთან ერთად, საპროცესო გარიგება სურთ სხვა ბრალდებულებსაც.
„საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პოზიცია, გადაწყვეტილება, არ არის ჩამოყალიბებული. განცხადებით მოგვმართა ექვსივე ბრალდებულის ადვოკატმა და ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა.
გამოძიება დაიწყო ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგაც. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პოლიციელების ძალადობიდან მეორე დღეს, 28 მაისს თქვა, რომ ლოცულაშვილი შესამოწმებლად გააჩერეს. ის კი მოთხოვნას არ დაემორჩილა და აგრესიული გახდა.
„ბრალი მოუხსნეს“, - თქვა პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა 4 ნოემბრის სასამართლო განხილვაზე.
„ისიც თქვით, რომ განრიდება გამოიყენეთ“, - დააზუსტა ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა.
განრიდება სისხლის სამართლის პროცესში სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასჯელის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც პროკურორს აძლევს შესაძლებლობას არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქმეში დევს ბრალდებული პოლიციელის, ვლადიმერ გოდერძიშვილის სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ადვოკატ ვანო სამხარაძის ცნობით, აღწერს, რა დაზიანებები მიაყენა მას პაპუნა ლოცულაშვილმა.
„აპოლონ(პაპუნა) ლოცულაშვილი ზიანის ანაზღაურების პირობით განვარიდეთ. ის შეურიგდა პოლიციელ გოდერძიშვილს... მან დაადასტურა, რომ პოლიციელს გაარტყა ხელი“, - განუმარტა რადიო თავისუფლებას საქმის პროკურორმა.
ლოცულაშვილი სასამართლოში ჯერ არ დაუკითხავთ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ის მომხდარზე საჯაროდ ისაუბრებს.
„თუ რამე შეღავათი შეიძლება, გაუკეთეთ, თანახმა ვარ“, - ასეთია დაზარალებულ ლაშა აბისულაშვილის პოზიცია. როგორც წესი სასამართლო ეკითხება დაზარალებულ მხარეს, რა არის მისი მოთხოვნა და განაჩენის გამოტანისას ითვალისწინებს.
პოლიციელების სასამართლოს მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომათა დარბაზში ყველასთვის ადგილი არ იყო. სხდომის დაწყებისას დამსწრეებმა „უცხო სახის“ - რადიო თავისუფლების რეპორტიორის დარბაზიდან გასვლა მოთხოვეს.
სასამართლო განხილვის დასასრულს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი დაინტერესდა, ხომ არ გახდიან მტკიცებულებების ნაწილს უდავოდ მხარეები. ასეთი შეთანხმების შემთხვევაში სხდომაზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ, მტკიცებულებებს აღარ გამოიკვლევენ და განაჩენიც მალე დადგება.
ადვოკატებმა პირობა დადეს, რომ ამ საკითხზე ბრალდების მხარეს შეუთანხმდებიან. ამ საუბარს მოსამართლის მოკლე განცხადება მოჰყვა, ადრესატები ადვოკატები იყვნენ:
„ისეთი განცდა მრჩება, რომ თქვენ სასამართლოს ებრძვით და ეჯიბრებით... სასამართლოს ნუ ეჯიბდებით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიგებთ, ერთი მარტივი მიზეზია, გადაწყვეტილებას მე ვიღებ და არა თქვენ, სადაც საჭიროა იქ იჯიბრეთ, იქნებ რამე შეთანხმებას მიაღწიოთ როცა ყველა შესაძებლობა გაქვთ ამისი, აქ არა, აქ საბრძოლველი არაფერი გაქვთ“.
29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი გორში ცხოვრობს და „საქართველოს ბანკში“ მუშაობს. ნასამართლები არასდროს ყოფილა.
ძალადობიდან მეორე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ტკივილების გამო იგი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იქამდე კლინიკა "ვივამედში" თავად მივიდა.
ექიმების მონაყოლის თანახმად, ლოცულაშვილს: ნეკნი მოტეხეს, დაუზიანეს თავი, დაჟეჟილი და ნაღრძობი ჰქონდა მაჯა, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კი ჩალურჯებების და სისხლნაჟღენთების კვალი ეტყობოდა.
პაპუნა ლოცულაშვილი მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იყო. მკურნალობა სახლში გააგრძელა.
მასზე ძალადობას პროტესტი მოჰყვა. გორის პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ მხოლოდ ლაშა აბისულაშვილის ოჯახის წევრები მივიდნენ.
მომხდარიდან ოთხ დღეში პაპუნა ლოცულაშვლის სახელით მისმა ძმამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. ნაცემი ახალგაზრდა ითხოვდა „არ გამოეყენებინათ მისი მდგომარეობა სათავისოდ, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებისთვის“. ლოცულაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ის.
თუ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა, დაკავებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. ასეთი რამდენიმე ათეული გამოუძიებელი საქმეა. მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ვიდეოკამერების წინ უსწორდებოდა.
radiotavisupleba ახალი ამბები