ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს. მათ შორისაა კათოლიკური ეკლესიაც. კათოლიკე პაპმა, ფრანცისკემ, ტრადიციისამებრ საშობაო ლიტურგია 24 დეკემბრის ღამეს, წმ.პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. მან საზეიმო მსახურების შემდეგ იქადაგა კიდეც. პაპის წლევანდელი გზავნილი მსოფლიოსადმი სიმამაცისკენ მოწოდება იყო, რათა ადამიანებმა უკეთესი სამყარო შექმნან.
რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ იესოს, როგორც ღარიბი დურგლის შვილის დაბადების ისტორიამ უნდა გააჩინოს იმედი, რომ ყველა ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს მსოფლიოზე.
ფრანცისკე, პაპის როლში თავის მე-12 შობას შობას აღნიშნავს. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარებული საზეიმო წირვით, 2025 წლის კათოლიკური წმინდა, საიუბილეო წელიც გაიხსნა. ვატიკანში ელიან, რომ მომავალ წელს რომში დაახლოებით 32 მილიონი ტურისტი სწორედ რელიგიური ტურიზმის ფარგლებში ჩავა.
პაპ ფრანცისკეს ქადაგება იმედის სათნოებაზე იყო ორიენტირებული. ეს იქნება ვატიკანის წმინდა წლის თემაც. ქადაგებისას პაპმა თქვა, რომ იმედი "ეს არის მოწოდება, რომ არ დავყოვნდეთ, არ შევინარჩუნოთ ძველი ჩვევები, ან ჩავიძიროთ მედიდურობაში, ან სიზარმაცეში".
„იმედი მოგვიწოდებს, რომ შევწუხდეთ არასწორი ქმედებების გამო და ვიპოვოთ გამბედაობა, რომ შევცვალოთ ისინი“, - თქვა მან.
კათოლიკურ სამყაროსთან ერთად, შობას 25 დეკემბერს ზეიმობს მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს ნაწილიც. მათ შორის, წელს, უკვე მეორედ უკრაინის ეკლესია სრულად აღნიშნავს შობას 25 დეკემბერს.