შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე, რომ ოპოზიციის ძალადობრივი რესურსი გაენეიტრალებინა... წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, თუმცა ისინი 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს“ - ირაკლი კობახიძე

2 weeks ago 8

ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად ხუთი დღე, რათა „გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი“.

„ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის საკმაოდ დიდი რესურსი. მათ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე ომის იმიტაცია, „ომის პარტიამ“ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად ხუთი დღე იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შსს-ს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში, შსს-მ იმოქმედა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა „მაიდნის“ მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, ზუსტად ხუთ დღეში.
რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია. გუშინ, შსს საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, აქაც იყო ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, შუშები ჩაამტვრიეს, 10-ზე მეტი ფანჯრის შუშა ჩაამტვრიეს შენობაში, იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს ამისთვის. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა. 

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“.

„გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა