‘შუახნის ქალი ციგით დაეჯახა ცოლ–ქმარს და 5 თვის ბავშვს” – რა მოხდა ბაკურიანში

15 hours ago 4

2025 წლის 8 იანვარს ბაკურიანში, „ამირანის“ სახელობის პარკში ციგით მოსრიალე შუახნის ასაკის ქალბატონი დაეჯახა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომელთაც ხელში ჰყავდათ 5 თვის ასაკის ბავშვი. დაჯახებისას დედ-მამას ბავშვი ხელიდან გაუვარდათ, რის შედეგადაც ბავშვმა მიიღო კისრის ტრავმა და დაჟეჟილობები. ბავშვი სასწრაფოდ გადმოიყვანეს თბილისში და ამჟამად იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თვითმხილველთა ინფორმაციით ცოლ-ქმარი ბავშვით ხელში იდგა სალაროსთან, რა დროსაც ზემოდან სწრაფად მომავალი ციგა დაეჯახა მათ უკნიდან, რომელზეც დაახლოებით 45-55 წლის ასაკის ქალბატონი იჯდა. ყოველგვარი დაძახების და გაფრთხილების გარეშე დაეჯახა, დაამტვრია ხალხი და უპასუხისმგებლოდ გაეცალა ტერიტორიას.

უნდა აღინიშნოს რომ „ამირანის“ პარკი გათვლილია ბავშვებზე და მოზარდებზე, რამდენად მიზანშეწონილია ზრდასრული ადამიანებისთვის, რამდენად კონტროლდება სიტუაცია და დაცულია უსაფრთხოების ნორმები ზამთრის კურორტებზე, ალბათ ბევრი თქვენგანი იქნება ამის თვითმხილველი. ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, როდესაც გამოძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექიმები აბსოლუტურად მოუმზადებლები და უუნარონი აღმოჩდნენ მსგავსი სიტუაციისთვის, არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ 5 თვის ბავშვისთვის, კისრის ფიქსატორიც კი არ აღმოაჩნდათ რომ მოერგოთ ბავშვისთვის და თბილისამდე – 180 კმ, 3 საათიან გზაზე უსაფრთხოდ მოეხდინათ ბავშვის ტრანსპორტირება. ისევ ოჯახის წევრებს და ახლობლებს მოუწიათ ბავშვის ჩამოყვანა თბილისამდე.

თუ გადავხედავთ სამთო კურორტების ფასებს და შევადარებთ იქ არსებულ ინფრასტრუქტურას, მომსახურების პირობებს და უსაფრთხოების ნორმებს, აშკარად დიდ სხვაობას ვნახავთ, აბსოლუტურად შეუსაბამოა პირობებთან და უსაფრთხო ადგილიც კი აღარაა დარჩენილი, რომ თავი დაცულად იგრძნოს ადამიანმა და მშვიდ გარემოში გაასეირნოს ბავშვი.

ის რომ უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, არავინ დაობს ამაზე, მაგრამ რამდენად ადექვატურია რეაგირება ამ შემთხვევებზე და რამდენად დაცულია ადამიანის უპირველესი უფლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ესაა მთავარი პრობლემა, როცა მსგავს ადგილებში აუცილებელია იყოს პროფესიონალურად მომზადებული კადრები, ექიმები, პოლიცია და გააჩნდეთ შესაბამისი აღჭურვილობა და ტრანსპორტი, რომ მსგავს ექსტრემალურ პირობებში ადგილზე გახდეს შესაძლებელი დახმარების აღმოჩენა და მხოლოდ დედაქალაქი არ იყოს მაშველი რგოლი, მით უმეტეს როცა ამხელა მანძილია თბილისამდე და რამოდენიმე დიდი ქალაქი უნდა გამოიარო და ვერცერთ საავადმყოფოში ვერ შეხვიდე, იმიტომ რომ იცი არც იქ დაგხვდება შესაბამისი აღჭურვილობა და მომსახურება, როცა ზოგიერთის მდგომარეობას წუთები და წამები წყვეტს.

სრულად წაკითხვა