შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, უფლებადამცველ ორგანიზაციები და აქტივისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არიან შშმ პირებიც.
მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ შშმ პირებზე აისახება.
“ქვეყანა შესულია უკიდურეს კრიზისულ სიტუაციაში, რომლის დიდი ხნით გაგრძელება გამოიწვევს უდიდეს ზიანს, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც შესაძლოა დარჩნენ იმ მინიმალურ საბაზისო მომსახურებებს მიღმა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 130-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია.
ხელმომწერები “ქართულ ოცნებას” არალეგიტიმურ მთავრობად მოიხსენიებენ და აკრიტიკებენ მათ “ზღვარს გადაცილებული ძალადობას” მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.