"ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით" - რას ამბობს თბილისის მერი

1 week ago 4

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე:

"არ ვიცი უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. როდესაც თუნდაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი" – განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძის თქმით საქართველო არ იმსახურებს ასეთ ბატონყმურ დამოკიდებულებას:

"რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს" – აღნიშნა თბილისის მერმა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა: "ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის".

სრულად წაკითხვა