ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში დაგმო პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ ძალადობა.
პრეზიდენტმა პაველმა 10 დეკემბერს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„თბილისსა და სხვა ქალაქებში მომიტინგეების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა მიუღებელია“, - წერს ის.
პეტრ პაველი ასევე აცხადებს: „აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით. ისინი უარს ამბობენ, დათმონ თავიანთი ქვეყნის ევროპული ოცნება. მათ ამაში ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ“.
მეთოთხმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, „2028 წლამდე“ უარი თქვას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.