გორში, ხელოვნების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები ხელოვნების სახლიდან გორელ ფოტოგრაფთა კლუბის გამოძევებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფება თბილისში აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძეც.
“ძალიან გული მწყდებოდა, რომ გორი ასე დუმდა. ეს ადგილი იყო სანაგვე, ხალხი რომელიც აქ არის, იშრომა, რომ ეს შეექმნა, უნდათ გამოუშვან.
ჩვენმა მდუმარებამ ეს მოიტანა, მიადგნენ ახლა და ეუბნებიან, რომ თქვენი ნაშრომი დატოვეთ და წადითო. გორის მიმართ ეს არის ახლა დანაშაული, რომ ეს გოგო-ბიჭები უნდა გამოუშვან, რომელბმაც ბევრი იშრომეს, წარმოიდგინეთ, ფეკალიები გამოზიდეს იქიდან. ეხლა ყრიან ამათ, ეს არის დანაშაული”, – ამბობს ტიტვინიძე.
“ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” – გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა.
ადგილი, რომელიც გორის მოქმედი მერიის პირობებში ქუჩის სანაგვედ იყო ქცეული, გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და იქ ხელოვანთა სახლი გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა მერიამ გადაწყვიტა, ეს შეთანხმება დაერღვია.