„ჩვენ გვინდა მშვიდობა“ - კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

10 hours ago 2

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ხუთი საათისთვის დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პროსახელისუფლებოდ მიჩნეული, ასევე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენები.

ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, საუბარი შეეხო „მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს“.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი“, - წერს მთავრობა.

„რა კითხვაც ბიზნესს ჰქონდა, დღეს პასუხი გაეცა“ - თქვა შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

ვინ რა თქვა?

შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენების ნაწილმა გამოსვლის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთა.

ნოშრევან ნამორაძემ, „ქართული ოცნების“ შემწირველმა, რომელიც დეველოპერულ ბიზნესშია, განაცხადა:

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც... 12 წელი არ გადაუხვევია ქვეყანას ამ გზიდან... აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ასე ფიქრობს. [კობახიძემ] ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, როგორ გვებრძოდნენ 12 წელი, როგორ არ მოასვენეს ჩვენი ქვეყანა“.

მანამდე მან განაცხადა: „სანქციას დიდი სიამოვნებით მივიღებ“.

ზურაბ ჩხაიძემ, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა განაცხადა: „ჩემთვის [მთავარი] არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. დამშვიდება არ სჭირდება ბიზნესს. სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ, ზოგადად, ეკონომიკას“.

მან ასევე თქვა, რომ „სამთავრობო გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, ქვეყნის განვითარება იმ ტემპით გაგრძელდეს, როგორიც ახლაა“.

ლაშა პაპაშვილმა, „ყვარლის ბაგის“ (რძის მწარმოებელი კომპანიის) და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელმა, განაცხადა: „ძალიან [დიდი] ვარდნაა [ეკონომიკაში] და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“.

ჟურნალისტების კითხვებზე თქვა: „გაინტერესებთ, ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა... ამას ვერ დამაცდენინებთ დღეს ვერაფრით... როგორც ჩემი, ჩვენი უწმინდესი ამბობს, ეშმაკი ყოფს, უფალი აერთიანებს“...

პაპაშვილის თქმითვე, პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაეთანხმა საჯარო დებატებს იმ ბიზნესმენებთან, „ვინც დღეს ოპონირებდა“.

მთავრობის პრესცენტრის თანახმად კი, მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, „დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ“.

თეა ზაქარაძემ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა: „აუცილებელია, გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ვნებს ბიზნეს“.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს ამ ნაბიჯებზე.

ბიზნესის პროტესტი

23 დეკემბრის მონაცემებით, საპროტესტო დემონსტრაციების მოთხოვნას - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს - მხარს უჭერს 2200-ზე მეტი კომპანია.

ამ მოთხოვნას ისინი აფიქსირებენ „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე“ (freebusiness.ge), რომელიც 15 დეკემბერს კი შეიქმნა. 2200-ზე მეტი კომპანია 8 დღეში შეუერთდა განცხადებას.

მათს შორის არიან „კოკა-კოლა“, „მაგთი“, PSP, „გორგია“ და ა.შ.

კომპანიებს შორის არ არიან „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“, თუმცა მან წინა კვირას განაცხადეს, რომ 5 მილიონ ლარს გამოყოფენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაზარალებულთა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

საპროტესტო დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო.

უკვე 26 დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი არ დააყენებს ევროკავშირში გაწევიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა