ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა” იძულებული გახდა მუშაობა შეწყვიტოს, მას შემდეგ, რაც მოსკოვში რედაქციის ოფისის შენობის დატოვება მოსთხოვეს და ჟურნალისტების ინფორმაციით, გაუთიშეს მკითხველებისგან ფინანსური დახმარების მიღების სისტემაც.
„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ სინათლეს ჩვენს სახლში, სადაც 30 წელი ვიცხოვრეთ, გამოვრთავთ სერვერს და წავალთ. გაზეთი აღარ არის. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რედაქციას აიძულეს მუშაობის შეწყვეტა“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას” საიტზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის მესაკუთრემ ოფისის დაცლა 9 ოქტომბერს მოსთხოვა და ერთი თვის ვადა მისცა. „ნოვაია გაზეტამ”ახალი ოფისის მოძიება ვერ შეძლო.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გამოცემის საიტები დაბლოკა და ბეჭდური გაზეთის გამოცემის უფლება ჩამოართვა.
„ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს. 2026 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭა მთლიანად გამოცემასაც.
radiotavisupleba ახალი ამბები