ჩხრეკა მიმდინარეობს ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში

2 weeks ago 52

ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაახლოებით 17 საათიდან ატარებენ ჩხრეკას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს.

ადვოკატი საბა ჯაჯანიძის ბინაში ცოტა ხნის წინ შევიდა. უცნობია, რის საფუძველზე მიმდინარეობს მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები.

საბა ჯაჯანიძის ბინის კართან მისულია მისი დედაც და ითხოვს სახლში შესვლას: „რა გისწავლიათ ჩემს შვილზე მეტი? მე ცუდ სიტყვას ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ ხართ სინდის-ნამუს გარეცხილი ხალხი, გრძნობა რომ აღარ გაქვთ. დედა არა გყავთ?“, - მიმართავს ის სადარბაზოში მყოფ სამართალდამცავებს.

საბა ჯაჯანიძის სახლის კართან შეკრებილები არიან მისი მეგობრები და ახლობლები.

ანა კვანჭილაშვილი, საბა ჯაჯანიძის ყოფილი ცოლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დედამისთან ლურჯ ფორმებში ჩაცმული 4-5 ადამიანი მივიდა: „გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები... დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი“, - წერს იგი.

საბა ჯაჯანიძის სახლთან მივიდა "პოსტივის" გადამღები ჯგუფი. მათ ტერიტორია დაატოვებინეს ჯაჯანიძის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა.

2022 წელს საბა ჯაჯანიძე ფეისბუკის კრიტიკული პოსტების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს იმის გასარკვევად, მისი „მოწოდებები“ რამდენად ისახავდა მიზნად „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობას“ და იცოდა თუ არა მან, რომ მსგავსი მოწოდება დანაშაულია. საბა ჯაჯანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის ნენსი ვოლანდის სახლში.

ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ ადმინის, ილია ღლონტის ბინაშიც.

ილია ღლონტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა მის ადვოკატს უთხრეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული - 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და 239-ე პრიმა - ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით.

4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

სრულად წაკითხვა