საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 24 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო.
„ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ შოკისმომგვრელია და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს”, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.
HRW -ს თქმით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ხალხის დასაშლელად. ქართულ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ „28 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ 460-ზე მეტი მომიტინგე დააკავა, რომელთა უმრავლესობასაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო დაახლოებით 30-ს სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრება. ამასთან, 300-ზე მეტი დაკავებული დაკავების ან მის შემდეგ არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ იტყობინება, მათგან მინიმუმ 80 -ს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს დაკავებულები და დაშავებული დემონსტრანტების, მათ შორის ავთანდილ კუჭავას, ზვიად რატიანის, ალექსანდრე კეშელაშვილის ჩვენებებზე, რომლებიც დაკავებისა და ცემის მომენტების შესახებ ყვებიან.
HRW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო პროტესტისა, საქართველოს ხელისუფლებამ მედლებით დააჯილდოვა დარბევაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რაც ძალადობაში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ვალდებულების მიმართ უპატივცემულობის ნიშანია.
ორგანიზაციამ შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, მათ აქვთ ვალდებულება „პატივი სცენ შეკრების თავისუფლების უფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავონ აკრძალული არასათანადო მოპყრობისგან“.
HRW-მ ასევე აღნიშნა, რომ ეუთომ ახლახანს ვენის მექანიზმი აამოქმედა და თვითნებური დაპატიმრებებისა და არასათანადო მოპყრობის გამო საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვა. თუ საქართველო ვერ უპასუხებს, მონაწილე ქვეყნები შესაძლოა მოსკოვის მექანიზმზე გადავიდნენ, რაც დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს, აღნიშნა HRW-მა.
HRW აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი და დაასანქცირონ ქართველ დემონსტრანრებზე ძალადობისა და ცემის ბრძანების გამცემი და ამ ძალადობის აღმსრულებელი პირები. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერა, აცხადებს ორგანიზაცია.
„საჭიროა პასუხისგება გატეხილი ძვლებისა და სხვა დაზიანებებისთვის, რომლებიც პოლიციამ განზრახ მიაყენა ამდენ ადამიანს“, – დასძინა ჰიუ უილიამსონმა.