მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან მსახიობები. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა გუშინ ღამით, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, აქციაც გამართა. მსახიობი და ტელესახე გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ „ძალიან რთული მისიაა რომ ანდროსგან გამოიყვანო სახელმწიფო გადამტრიალებლის ორგანიზატორი“:
„ახლა სისხლის სამართლის დანაშაულების აღძვრა დაიწყეს, სისულელე ბრალდებებით. იქნებ ეყოთ ჭკუა და შეცვალონ ბრალდება. ძალიან რთული მისიაა რომ ანდროსგან გამოიყვანო სახელმწიფო გადამტრიალებლის ორგანიზატორი. იმედია ჭკუა ეყოფათ და სტრატეგიას შეცვლიან. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიითაც არაფერი გამოუვათ მათთვის სასიკეთო“ – აცხადებს გიორგი ბახუტაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში.