„ძირითადში ითამაშებს?“ – საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

1 week ago 7

დღეს, დილის 9 საათიდან საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, რომელიც 14 საათზე დასრულდა. საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ცესკოს მიერ სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

„ცუდი კანდიდატურაა, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. თქვენ, ყველამ ერთად, საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, როგორ პოლიტიკურ ძალას. ხმას არ ვაძლევ, შესაბამისი გრაფა არ არის, ამიტომ არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო“, – თქვა ადა მარშანიამ და საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი საყოველთაო ფარული კენჭისყრით არ აურჩევიათ, არამედ საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც, კანონის თანახმად, 300-წევრიანია: 150 წევრი – პარლამენტის დეპუტატები, დანარჩენი წევრები კი – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებიდან და თვითმმართველობებიდან არიან.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება ხუთი წლის ვადით გაგრძელდება.

ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.

არჩევნების პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მოქალაქეები ადრე დილიდანვე მივიდნენ და მათი ნაწილი ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ რამდენიმე ადამიანმა საფეხბურთო მაისური დაწვა პროტესტის ნიშნად.

ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.

მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს სომხეთის და აზერბაიჯანის უმაღლესმა პირებმა, აგრეთვე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, რომელმაც იგი სერბეთში მიიწვია.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში რაც მოხდა, „იყო ფარსი, ისევე როგორც რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიებში“.

მისი თქმით, „საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული“.

სოციალურ ქსელში ეხმაურება კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევას  ევროპარლამენტარი მიჰაუ შერბაც, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს „უზურპატორს“ უწოდებს.

„ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ, აღიარონ რაიმე გადაწყვეტილება მისი [„პარლამენტის“}მონაწილეობით, მათ შორის, ე. წ. საარჩევნო კოლეგიის უკანონო სამუშაოს შედეგებიც. მიხეილ ყაველაშვილი არის უზურპატორი. საქართველოს „ლუკაშენკო“. ერთადერთი კანონიერი კონსტიტუციური ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის პარტნიორი“, – წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო მედიაც ეხმაურება. „სიენენი“ წერს, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე, ფეხბურთელი აირჩია.

„ასოშიეითედ პრესი“ აღნიშნავს, რომ ყაველაშვილმა მარტივად მოიგო არჩევნები, რადგან 300-კაციან კოლეგიას „ქართული ოცნება“ აკონტროლებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდამჭერი 17-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს სადავო პარლამენტმა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტად დანიშნა.

„მიხეილ ყაველაშვილი, მზარდი ავტორიტარული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია. საქართველოს წარმავალმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყაველაშვილის არჩევა დაგმო, როგორც ტრავესტია და ამბობს, რომ ის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია. ყაველაშვილი არის პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი ხმა საქართველოში“, – წერს „ბიბისი“.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩევა მიხეილ ყაველაშვილს მიულოცეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები“.

მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელით მიულოცა საქართველოს მოსახლეობას.

„როგორც არასდროს, დღეს ჩენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის“, – დაწერა კახა კალაძემ.

მის პოსტს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა, მათ შორის, უმეტესობა კრიტიკული. არაერთი მომხმარებელი წერს, რომ თავად კალაძის პრეზიდენტობა უფრო გაუხარდებოდა, ზოგს ირაკლი ღარიბაშვილი ერჩია, ბევრი კალაძის მილოცვამ იუმორისტულ განწყობაზე დააყენა:

– სახელი მიხეილი ცუდად გვაქვს დაცდილი, ბატონო კახა, და ან გადაარქვით ან სხვა აირჩიეთ!

– ძირითადში ითამაშებს?

– გილოცავთ განათლებულ პრეზიდენტს😆

– „გინებით ევროპისკენ!“ – ყაველაშვილის დევიზი.

– ისე ვნერვიულობდით, კიდევ კარგი, გაიმარჯვა ამხელა კონკურენციაში. ცოდნა მაინც თავისას შვრება 🤗

– შვილო, ახალი პრეზიდენტის წინ საჯაროდ გიხდი ბოდიშს, სწავლას რომ გაძალებდი!..

– უდიპლომო სასიძო არ უნდოდათ ადრე😬, ახლა კიდე ქვეყნის პრეზიდენტად დასვით.

– მინდა ცხოვრებაში ისეთი უკონკურენტო ვიყო, როგორიც ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტია!

– ბურთი მიეცით ჯერ, თუ მოედანიც?

მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ბოლო პირდაპირი წესით, საყოველთაო ფარული კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტია (2018 წლის 16 დეკემბრიდან), აცხადებს, რომ „არაფერი მომხდარა და არავის არავინ აურჩევია“. მას მიაჩნია, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომ ამჟამად თავად წარმოადგენს საქართველოში „ერთადერთ ლეგიტიმური ინსტიტუციას“ და კითხვაზე, აგრძელებს თუ არა საქმიანობას, პასუხობს: „აბა, რას ვაკეთებ“.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილს „სიმამაცეს“ უწონებს:

„სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს, რადგან იგი უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს, საქართველოს თავს მოახვიოს რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტი. აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

რას მოიმოქმედებს 29 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი, როგორ აპირებს „პრეზიდენტად დარჩენას“ და რა გეგმა აქვს, ამაზე იგი წინასწარ არ საუბრობს. „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ამბობს, რომ იგი ვადის ამოწურვისთანავე დატოვებს საპრეზიდენტო სასახლეს და, კანონის თანახმად, დაცვაც აღარ მოემსახურება.

მოამზადა ნანა ძნელაძემ

სრულად წაკითხვა