წმინდა პეტრეს ტაძრის ციფრული „ტყუპისცალი“ შეიქმნა (ვიდეო)

1 week ago 8

ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მილიონობით ტურისტი სტუმრობს რომს და მის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას – წმინდა პეტრეს ბაზილიკას. მათთვის კი, ვინც ამ შესაძლებლობას მოკლებულია, ვატიკანმა და მაიკროსოფტმა ძალები გააერთიანეს და ტაძრის ზუსტი ციფრული ასლი შექმნეს.

რომის წმინდა პეტრეს ტაძრის ციფრული „ტყუპისცალის“ შექმნისას მაიკროსოფტმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რათა 3D მოდელს მილიმეტრიანი სიზუსტით გაემეორებინა ორიგინალი. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა: ფრანგულმა კომპანია Iconem-მა დრონების, მაღალი გარჩევადობის მქონე კამერების და ლაზერული სკანირების გამოყენებით, ასობით ათასი ობიექტის 400 ათასზე მეტი მაღალი რეზოლუციის ფოტო გადაიღო, რომლებიც შემდგომში Microsoft Azure პლატფორმაზე დამუშავდა.

ციფრული მოდელი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ტაძრის დეტალებიც დაათვალიერონ და ის ადგილებიც, რომლებიც აქამდე შეუიარაღებელი თვალისთვის ფარული იყო.

ეს მოდელი საშუალებას იძლევა „დაინახო ბაზილიკა ისე, როგორც არცერთ თაობას არ უნახავს აქამდე“, – თქვა მაიკროსოფტის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის „ციფრული ტყუპისცალის“ წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ პროექტის წყალობით ინტერნეტმომხმარებლებს საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად შევიდნენ «Basilica di San Pietro»-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ეწვიონ ვატიკანს და მის მთავარ ღირსშესანიშნაობას – წმინდა პეტრეს ბაზილიკას.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა