WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წყალტუბოს სანატორიუმები აუქციონზე გაიყიდება.

ირაკლი კობახიძის თქმით ბიძინა ივანიშვილს დაპირებისამებრ სანატორიუმების შეძენასა და განვითარებაში ხელი ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდეგ დე ფაქტო სანქციებმა შეუშალა.

„2019 წელს, თუ არ ვცდები, ნამდვილად ითქვა ასე [ბიძინა ივანიშვილის მიერ სანატორიუმების შეძენა]. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-2021 წლები, კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები. ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა, ბუნებრივია, ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ამაში ლოგიკურად მოიაზრება, ბუნებრივია, წყალტუბოს ინიციატივა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ოქტომბერში წყალტუბოში არსებულ 22 სანატორიუმ/სასტუმროსა და 9 ანაბოს გამოსყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.“ აღნიშნა მაშინ ექსპრემიერმა. ნათია თურნავამ, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, სანატორიუმების ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად გადაცემის შესაძლებლობა გამორიცხა.

ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ აუქციონზე ₾6.5 მლნ-დ არის გამოტანილი, „ინტურისტი“ ₾4.2 მლნ-დ, „მედეა“ ₾8.5 მლნ-დ, „სავანე“ ₾3.5 მლნ-დ, „ფილიალი“ (ყოფილი ბალნეოლოგიური) ₾4 მლნ-დ, „აია“ ₾3.7 მლნ-დ. აუქციონზეა გამოტანილი აგრეთვე ყოფილი სანატორიუმები: „გელათი,“ „იმერეთი“ და „მეგობრობა.“