ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც 4 ნოემბერს ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა, ეთერის აღდგენას დღეს, 5 ნოემბერს, საღამოს გეგმავს.
როგორც ტელეკომპანიის ახალი ამბების სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, შენობაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია, მუშაობს ინტერნეტიც.
„ამ მონაცემებით, დღეს, საღამოს, სავარაუდოდ, მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ. შენობას ელექტროენერგია ნაწილობრივ მიეწოდება, ლიფტიც უკვე ჩაირთო. უბრალოდ, წყალმომარაგების პრობლემაა, მაგრამ ალბათ ამასაც როგორმე გადავჭრით და საღამოს ვფიქრობთ, რომ ეთერში გავიდეთ“, - ამბობს ინწკირველი.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის ტექნიკური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. შენობაში დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაც მოხერხდა.
„ჩვენს სართულზე ხანძარი არ ყოფილა, იყო მეექვსე-მეშვიდე სართულებზე. ხანძრის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის. ამ მიმართულებით შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ“, - ამბობს ის.
ინწკირველის განმარტებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ იმაზეც, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობაში შესვლისა და მუშაობის სრულად განახლების უფლება მიეცეთ. დაკვამლიანების გამო ოფისს დასუფთავება და მოწესრიგება სჭირდება.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრ „დელისში“ ხანძარი 4 ნოემბერს გაჩნდა. შენობაში დაკვამლიანების გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
radiotavisupleba ახალი ამბები