ხარებას ღამე

2 weeks ago 5

“ქართული ოცნების” სასოწარკვეთა დამანგრეველია, მაგრამ მას არანაირი გრძელვადიანი მიზანი არ აქვს, ესაა გზა, რომელიც არსაით მიდის. ქართულმა საზოგადოებამ მიიღო ბიძინა ივანიშვილისაგან გამოსროლილი ავტორიტარიზმის გამოწვევა და დანებებას არ აპირებს.


გაბრიელ ჩუბინიძე ისტორიის მკვლევარი და ჟურნალისტია


ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა მიცემული ხმების საერთო რაოდენობა უნდა უდრიდეს „1“-იანებისა და ბათილი ბიულეტინების ჯამს, ოქმებში აღნუსხული ხმები ორჯერ მეტია. ბ-ნ დავით ბერძენიშვილის თქმით, არის შემთხვევები, როცა უბანში არსებული, ვთქვათ 521 ამომრჩევლიდან, 521-ვემ პირველი ადგილი მიაკუთვნა ერთ პარტიას ან ბლოკს, რაც აბსურდია. […] დარღვევები, ძირითადად, აღინიშნება პროპორციული სისტემით არჩევების შედეგების შეჯამებისას, რომელიც იმდენად აშკარაა რომ ოქმებზე ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია მის შესანიშნად. ყველაფერმა ამან შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს პარლამენტის კანონიერება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი სასტიკად აუკრძალა საოლქო-საუბნო კომისიებს საარჩევნო ყუთების ხელახლა გახსნა და განმეორებითი გადათვლა.

ეს ციტატა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ გაკეთებული არ გეგონოთ. ეს 1992 წელია, როცა სახელმწიფო საბჭომ, პირველი არჩევნები ჩაატარა. მაშინ, კონტექსტი ძალიან განსხვავებული იყო: საქართველო არა სახელმწიფო, არამედ ტერიტორია იყო: გრძელდებოდა სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთში და ყოველდღიური დაძაბულობა სამხრეთ ოსეთში.

იმ არჩევნებში, ყველაზე მეტი მანდატი მიიღო შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა „მშვიდობამ“. ედუარდ შევარდნაძე საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით იქნა არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმათა 96,01%-ით, ხოლო ახლადარჩეულმა პარლამენტმა ის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე აირჩია. „მშვიდობის“ მიზანი ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის პარლამენტში შეყვანა იყო, რათა როგორმე დაესრულებინა ქუჩის პოლიტიკა და დისკუსიები პარლამენტში გადაეტანა. 1993 წლის გაზაფხულზე კანონით აიკრძალა უსანქციო მიტინგების ჩატარება – მიზეზად ის დასახელდა, რომ აქციები „დესტაბილიზაციას“ იწვევდა.

“დესტაბილიზაციის გამოწვევა”, ძალიან ბუნდოვანი სიტყვათშეთანხმებაა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას ან ახალი სამხედრო გადატრიალების/რევოლუციის ეშინოდა, ანდა ქუჩის აქციები აწუხებდა, ქმნიდა რა პოლიტიკური პროცესისა და პროტესტის განწყობას. ქმნიდა კონტექსტს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც კმაყოფილნი არ არიან. ეს კი იმოქმედებდა ნეიტრალურ, „აპოლიტიკურ“ მოქალაქეებზე.

ბლოკ „მშვიდობას“ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა – პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ხოლო შემდგომში კი თავად პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი. ისინი შეიძლება მხარს კი უჭერდნენ შევარდნაძის კანდიდატურას, მაგრამ პარლამენტი მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში იყო. ეფექტური მუშაობისთვის, აუცილებელი იყო სხვა ბლოკებთან თანამშრომლობა. ოპოზიცია თავჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ხან მინისტრთა კაბინეტისას და ხანაც ცალკეული ადამიანების. პერიოდულად, იმართებოდა აქციები, რომელსაც უკვე პოლიცია კანონის ძალით არბევდა. საინტერესოა, მაგრამ ჩასატარებლად სავალდებულო ნებართვა საერთოდ არ გაიცემოდა, თუკი აქცია მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღევანდელი მდგომარეობა რაღაცით ძალიან წააგავს 32 წლის წინანდელს. თუმცა არის ბევრი განსხვავებაც.

ქართული ოცნება – გზა არსაით

დღეს საქართველოს პარლამენტის შენობა ციხესიმაგრეს წააგავს. ის ყველა მხრიდან ჩარაზულია, პოლიციის გარნიზონით გამაგრებული, მისი კედლები კი სათვალთვალო კამერებითაა გავსებული. ალბათ ასე გამოიყურებოდა სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის მთავრობის სახლი მთელი ომის განმავლობაში. მეამბოხე ვიეტკონგი ხომ ყველგან იყო, ჩდებოდნენ არსაიდან და შემდეგ ისევ ქრებოდნენ. მაგრამ თბილისი არც საიგონია და არც ჩვენ არ ვართ ვიეტკონგის მებრძოლები. მთავრობის სახლის ტერიტორიაზე სანგრების გარდა ყველაფერია.

ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მათი ეფექტური კონტროლის ერთადერთი საყრდენი და დასტური შინაგან საქმეთა სამინისტროა. რომ არა კაცები შავებში, მათი კვაზი ავტორიტარული მთავრობა რამდენიმე წუთში დაემხობოდა.

შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ქართული ოცნება სწავლობს საკუთარი შეცდომებიდან. დიდი გონი არ სჭირდება შსს-ს თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მიცემის და იდეოლოგიურ დამუშავებას ხარჯზე მათი ლოიალობის მოპოვებას; არც ქუჩაში ხალხის ცემას; არც გლობალური ომის პარტიაზე საუბარსა თუ არჩევნების გაყალბებას.

თავად გაყალბებულ არჩევნებშიც თვისებრივად ახალი არაფერი იყო, გარკვეული ლოჯისტიკური და ტექნიკური გაუმჯობესებისდა მიუხედავად მსგავსი კარუსელები ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას არსებობდა, და სააკაშვილმაც დაატრიალა 2008 წელს, რისთვისაც მაშინ “მარნეულის პრეზიდენტს” ეძახდნენ.

არანაირი გეგმის არსებობა არ იგრძნობა – მმართველმა პარტიამ ერთი წლის განმავლობაში სრულად ჩამოშაა 32-33 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობა დასავლეთთან. სრული მარგინალიზაცია განიცადა საზოგადოების თვალში და მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა. არ შეიძლება არსებობდეს გეგმა, რომელიც ამას ითვალისწინებს.

კომიკურია, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც რუსეთთან აქვთ „დალაგებული“ საკითხები. შეიძლება რამდენიმე რუს ოლიგარქთან საუბრები მიდის, მაღალ ეშელონებთან – ნაკლებად. ოცნება ფიქრობდა, რომ დასავლეთს უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე პირიქით და ამაში შეცდა. ალბათ იგივეს ფიქრობდა რუსეთთან მიმართებაშიც. აღმოჩნდა, რომ არც დასავლეთმა დაიხია უკან და არც რუსეთმა არ გაუგორა კოჭი – ჯერჯერობით.

ვერც კონსტიტუციის აშკარა დარღვევა ჩაითვლება გეგმის (მითუმეტეს წარმატებული გეგმის) ნაწილად – გამორიცხულია, საღად მოაზროვნე ადამიანს სურდეს, ყველასთვის თვალსაჩინო დანაშაულზე წასვლა.

მათი ქმედებები სასოწარკვეთის ნიშანია. ისინი თავისი თავების, საკუთარი და მათი პატრონის ილუზიების ტყვეები არიან. ოღონდ უკანაც ვეღარ იხევენ. კომიკურია, ტრაგედია რომ არ იყოს მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ აღარ ესაუბრება საკუთარ ამომრჩეველს და, ეგებ, არც თავის სამთავრობო “ავატარებს.” ეს ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში გამოჩნდა, მისი ცნობილი “ბოდიშის” სიტყვის მერე. არ გამოჩნდა ივანიშვილი ახლაც, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისას.

შეუძლებელია ვინმეს ჩაეთვალა, რომ ან ერთი ან მეორე ნაბიჯი რაიმე ელექტორალურ მოგებას, დამატებით მხარდაჭერას მოუტანდა “ოცნებას.” თუ პირველი ნათქვამი იყო რუსების გულის მოსაგებად, მეორე კი პრეზიდენტის ინსტიტუტის სრულ ფაქტობრივ გაუქმებას ისახავს მიზნად. ორივე შემთხვევაში, ამ განცხადებებმა ოცნების მხარდამჭერებშიც კი უარყოფითი ელდა გამოიწვია.

“ქართული ოცნება” ქმნის ილუზიას, რომ მათ არც აწუხებთ არაფერი და ყველაფერზე წამსვლელნიც არიან. ამით, მათ სურთ საზოგადოებაში შიშის და ფრუსტრაციის გამოწვევა. ეს მთავრობა რომ მართლაც ყველაფერზე წამსვლელი იყოს, მაშინ შევარდნაძის მსგავსად აკრძალავდა უსანქციო მიტინგებს, სულაც დაარბევდა პოლიტიკურ პარტიებს (და არა „ხლაპუშკებს“ ამოიღებდა) და მედიას. საქმე ის კი არაა, რომ შევარდნაძის მთავრობა უფრო ძლიერი იყო. არა – დღეს საზოგადოებაა უფრო ძლიერი.

დესტაბალიზაცია სულაც არ ნიშნავს გარდაუვლად რევოლუციურ სცენარს. გარკვეული დესტაბილიზაციაა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილების შეტანაც. “ოცნებისათვის” აუცილებელი იყო დილის პიკის საათამდე გახსნილიყო გზა, რათა ხალხს სამსახურებში არ დაგვიანებოდათ – არ მომხდარიყო ეკონომიკური შეფერხება. ვარაზისხევის „ოპერაციამ“ წარმატებით ჩაიარა. როცა ოცნებას ეგონა, რომ მცირე დანაკარგით გაიარა პოსტ-საარჩევნო პროტესტი, ირაკლი კობახიძის განცხადებამ უეცრად გააღვიძა ქარიშხალი.

ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი

ჩატარებულ არჩევნებში ქართული ოცნების მთავარი კოზირი სუსტი და უნიათო ოპოზიცია იყო. ეს კოზირი უკვე გათამაშდა. დღევანდელ ვითარებაში ის ვეღარ მუშაობს. საქართველოს საზოგადოებასთან დაპირისპირება ხუმრობა საქმე არ არის. დავინახოთ განსხვავებაა 1992 წლის მოცემულობასა და 2024 წლისას შორის.

1992 წელს, საზოგადოება ითხოვდა “მკაცრ ხელს”, რომელიც დაასრულებდა ქვეყანაში არსებულ “ბესპრიძელს.” ითხოვდნენ პრეზიდენტისთვის კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების გადაცემას, ფაქტობრივად ავტორიტარიზმის დამყარებას. თანაც ამ მოთხოვნის კონცენტრირებისა და გაპიროვნებისათვის არსებობდა შესაბამისი ფიგურაც – ედუარდ შევარდნაძე.

ამ მოთხოვნისდა მიუხედავად, მოვლენები დემოკრატიულად თუ არა, პლურალისტურად განვითარდა. იყო განგსტერული გარჩევები, მკვლელობები და ძალადობა, მაგრამ შევარდნაძის მმართველობის სტილი არასდროს ყოფილა მკაცრად ავტოკრატიული. მას მუდმივად უწევდა თავისი ძალაუფლებისათვის საყრდენის მოძიება და ცვლა.

დღეს საქართველო ერთი ადამიანის ხელქვეშაა მოქცეული. ეს, ძალიან ლოგიკური იქნებოდა თუნდაც 1990-იან წლებში, მაგრამ 2024 წლისთვის, ეს სრულად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ქართული საზოგადოების უმრავლესობა უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში მიემართებოდა საერთო მიზნისკენ – მერყევად და შეცდომებით, მაგრამ მაინც, უფრო “ნორმალური” მომავალი ქვეყნისკენ, ევროპულ კონტექსტში. უეცრად, ეს სვლა ერთი ადამიანის სურვილის გამო შეწყდა.

რუსეთმა ერთი დიდი სიკეთე კი ნამდვილად გაუკეთა საქართველოს – უვიზო მიმოსვლის შეჩერება. მოკლევადიან პერსპექტივაში, მაშინ ძალიან დავზარალდით, მაგრამ გრძელვადიანში – პირიქით. საქართველოში გაიზარდნენ თაობები, რომლისთვის რუსეთი რუკაზე არ არსებობს, ან თუ არსებობს – მხოლოდ მტრად. შეუძლებელია, ქართული საზოგადოება გახადო პრო-რუსი. ის შეიძლება მართო შსს-ს ძალადობის მეშვეობით, მაგრამ ძალადობის რესურსი სასრულია, მითუმეტეს, როცა სამთავრობო კაბინეტი დაცლილია არათუ პოლიტიკურად კომპეტენტური კადრებისგან, არამედ ეფექტური ფუნქციონერებისგანაც კი.

საზოგადოება ამ ვითარებას აპროტესტებს ყოველდღე და ყოველღამე. შიში გადალახულია, ხოლო მიზანი გააზრებული. ახლა გამარჯვება ისე ახლოა, როგორც არასდროს.

დემონსტრანტები ყოველდღე შეურაცხყოფენ მთავრობის სახლს, ქართული ოცნება კი ვერ უმკლავდება მათ რაოდენობას. კოლონადებში ჩაყენებული ფარიანი სპეცრაზმის მუშაობა, რომელსაც ევალება აღკვეთოს “ხულიგნობა” შენობის მიმართ, მათივე წამების ტოლფასია. მათ რამდენიმე საათი უწევთ უდიდეს ფსიქიკურ და ფიზიკურ წნეხში დგომა.

“ქართული ოცნება,” საკუთარ ამომრჩეველაც ვერ სთავაზობს სიტუციიდან გამოსავალს და ამით მათდამი გულწრფელად ლოიალურ უკანასკნელ ადამიანებს კარგავს.

დღეს რუსთაველის გამზირი, ისეთია, როგორიც კარგა ხანია აღარ ყოფილა. გრაფიტით სავსე, დალეწილი შუშები, დაზიანებული ფასადები, გამქრალი ნაგვის ურნები, განადგურებული ასფალტი, წუხანდელი კოცონის კვალი ყველგან და დაბინძურებული გარემო – დაბინძურებული ქიმიურად.

პარლამენტის შენობა კი ნაომარს ჰგავს. ჩაშავებული, დამტვრეული და ბინძური. დღის განმავლობაში გამვლელები “ხარებას გამოფენას” აკვირდებიან, როგორც 1992 წელს უცქერდნენ “კიტოვანის გამოფენას.”

ისინი უცქერენ წუხანდელი ბრძოლების შედეგს, მორიგი ღამის მოლოდინში. 1992 წლისაგან განსხვავებით, იმ იმედით, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

სრულად წაკითხვა