ხელისუფლებამ ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო

2 weeks ago 8

ხელისუფლებამ 4 დეკემბერს ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია სახლებსა და ოფისებში ჩხრეკის ორდერის გარეშე შევიდა. პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და ამავე კოალიციის წევრი გელა ხასაია, ასევე ჯგუფი „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლსძე დააკავა.

პოლიციამ ასევე დაიწყო ჩხრეკა საჯარო ჯგუფის „დაიტოვეს“ ხელმძღვანელის ილია ღლონტის სახლში. ჯგუფი სოციალურ ქსელებში საპროტესტო მოძრაობის მობილიზებითაა ცნობილი. პოლიცია მას ედავება „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“, ასევე არეულობაში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ჩხრეკა ღლონტის ადვოკატის ადგილზე მისვლამდე დაიწყო. პოლიციამ ღლონტის ტელეფონი, ლეპტოპები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი წევრის სოფო ბოტკოველის სახლიც გაჩხრიკა.

პოლიცია ჩხრეკის მიზნით ბროსეს ქუჩაზე მდებარე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისშიც შევიდა, ხოლო ჟურნალისტები და პარტიის ლიდერები ოფისში არ შეუშვა. შენობაში ასევე არ შეუშვეს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე. როდესაც მან ჩხრეკის ორდერის ნახვა მოითხოვა, პოლიციამ განაცხადა, რომ ის უკვე წარუდგინეს შიგნით მყოფებს. შესაბამისი საბუთების ნახვას ასევე ითხოვდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა მისი მოთხოვნები უგულებელყოფილი იქნა.

თითქმის პარალელურად პოლიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი პარტიების – „გირჩი მეტი თავისუფლების“, „ახალისა“ და „დროას“ ოფისებში შევიდა. ოფისების ჩხრეკისას კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა „დროას“ ოფისში მობილიზებულ პოლიციასთან მისულიყო და ჩხრეკის ორდერი მოეთხოვა, პარალელურად შენობაში შესულიყო როგორც ადვოკატი, სანამ პოლიცია გამოძიებას აწარმოებდა. მას შესვლაზე უარი უთხრეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა და რამდენიმე წამის შემდეგ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა, ის მიწაზე დააგდო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უგონო მდგომარეობაში პოლიციის მანქანამდე მიათრია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავის არეში დაზიანება მიიღო.

ინციდენტს ესწრებოდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია, რომელმაც ყველაფერი გადაიღო, რის შემდეგაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა და იძულებით მიათრიეს მანქანამდე, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ შეასრულებდა პოლიციის ბრძანებას და მანქანასთან თავად მივიდოდა.

პოლიციამ „დროას“ ოფისიდან თითქმის ყველაფერი წაიღო, მათ შორის ტექნიკა, პირველადი დახმარების ნივთები, პიროტექნიკა, პლედეფი, პუფები და ა.შ. იგივე ხდება ნაციონალური მოძრაობის ოფისის ჩხრეკის შემდეგაც.

პოლიციამ ასევე დააკავა ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის „დაფიონის“ დამფუძნებელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებაში, მათ შშორის უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ის ქუჩაში დააკავეს და ამის შესახებ მეტი ინფორმაცია არ აქვთ.

იმავდროულად, ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიციის ორი წევრი ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი პოლიციამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის გამო დააკავა, სადაც ისინი საპროტესტო აქციების დროს სავარაუდო სიკვდილის შესაძლებლობაზე საუბრობენ. ჩანაწერების ავთენტურობა არ შემოწმდა. მათი დაკავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ორი აქტივისტის – „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველისა და აქტივისტის საბა ჯაჯანიძის სახლები.

საღამოს პოლიციამ ჩხრეკა ორგანიზაცია “ნაბიჯის” ოფისში დაიწყო.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა