ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ შესაძლოა ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ – 23 წლის ფეხბურთელის დამატებას ტოპკლუბები ცდილობენ

6 hours ago 2

ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ შესაძლოა ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ და ქართველი შემტევი უკვე მომავალ კვირაში ევროპის ერთ-ერთ ტოპკლუბში ვიხილოთ, რომელთა შორის „პარი სენ-ჟერმენიც“ მოიაზრება.

ფრანგულ გრანდს ქართველი ვარსკვლავის ყიდვა ზაფხულშიც უნდოდა, ხვიჩაც თანახმა იყო, თუმცა „ნაპოლის“ მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებით და მოქმედი კონტრაქტის გამო იგი გუნდში დარჩა.

ახლა კი კონტემ პოზიცია შეიცვალა და მზადაა, „ნაპოლის“ ერთ-ერთ მთავარ ლიდერს სეზონის დასრულებამდე, ამ ზამთარშივე შეელიოს. კვარაცხელია ანტონიო კონტესთვის ხელშეუხებელი იყო, თუმცა სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა დავიდ ნერეშის კარგი თამაშის ფონზე. „ნაპოლის“ პოზიციის შეცვლის მთავარი მიზეზი მაინც კონტრაქტის საკითხია, რომლის განახლებაზეც შეთანხმებას, დიდი ხნის მცდელობის მიუხედავად, კლუბმა ვერ მიაღწია.

კვარაცხელია Transfermarkt-ზე 85 მილიონ ევროდ არის შეფასებული, გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიაში 90 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ლაურენტისს უფრო მეტი სურს, მაგრამ შეიძლება მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

იტალიურმა გამოცემა Il Roma-მ ცოტა ხნის წინ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი უკვე იანვარში შეიძინოს და ტრანსფერში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო ფეხბურთელს 8 მილიონი ევრო დაუნიშნოს წლიური ხელფასის სახით.

AreaNapoli-ს ინფორმაციით, კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები ჩქარობენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ. გამოცემის ცნობით, პარიზელებს გარიგების ამ შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ, რათა ქართველი შემტევი გუნდს უკვე მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში დაეხმაროს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულიც“ მზადაა ხვიჩას ტრანსფერზე იზრუნოს.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ სპორტული დამატების, The Athletic-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულსაც“ სურს. პრესტიჟული გამოცემა წერს, რომ თუკი ხვიჩას გასხვისება ამ სატრანსფერო ფანჯარაში გადაწყდება, „ლივერპული“ აუცილებლად იფიქრებს საქმეში ჩართვაზე.

„მარცხენა ფლანგის მოთამაშეს „ლივერპული“ აქტიურად არ ეძებდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას კვარაცხელიას თამაში დიდი ხანია აღაფრთოვანებს. მერსისაიდელები მზად არიან, რეალური შესაძლებლობის შემთხვევაში მისი დამატებისთვის იბრძოლონ. ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს „პარი სენ-ჟერმენიც“, – წერს The Athletic-ი.

კვარას „ლივერპულში“ გადასვლის შესაძლებლობაზე იუწყება SABC Sport-იც, გამოცემა  „ლივერპულში“ ორი ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის ერთად თამაშის შესაძლებლობას განიხილავს – როგორც ცნობილია, ოფიციალურად გიორგი მამარდაშვილი უკვე „ლივერპულის“ შემადგენლობაშია და ინგლისურ გრანდში ახალი სეზონიდან ითამაშებს.

ინგლისური გამოცემის, football-talk-ის მტკიცებით კი, ქართველი ვარსკვლავით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ არის დაინტერესებული და მზადაა, „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ რაშფორდი შესთავაზოს.

გამოცემის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მალე მარცხენა გარემარბი დასჭირდება, რადგან რაშფორდი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. „მის პოზიციაზე კი კლუბი „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას განიხილავს და მზად არის, იტალიელებს ქართველი მოთამაშის სანაცვლოდ მარკუს რაშფორდი შესთავაზოს“, რის ინტერესი ანტონიო კონტესაც ჰქონდა.

ცნობისათვის, ამ დროისათვის „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 44 ქულით (19 შეხვედრიდან), მას მოსდევს „ატალანტა“ 41 ქულით (18 შეხვედრაში) და მოქმედი ჩემპიონი „ინტერი“ (17 შეხვედრაში).

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 17 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა