ამ წუთებში ხაშურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ადგილობრივები სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ხელისუფლების მიერ ევროპული კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ.
ამას გარდა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა მათ “მონები” და “ნაცები” ეძახა, რამაც ხაშურელების გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავა, რის გამოც ევროპული მომავლის მცველებს საკრებულოს სხდომაზე შესვლა და დამოუკიდებელი პროტესტის გამოხატვა სურდათ, თუმცა სხდომაზე არცერთი მათგანი არ შეუშვეს.
ხაშურის საკრებულოდან ადგილზე შეკრებილ ხალხთან სასაუბროდ თავმჯდომარის მოადგილე გავიდა. მან სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვების მიზეზად კი ადგილების რაოდენობის სიმცირე დაასახელა – “ყველა ფიზიკურად ვერ დაეტევით”.
მოქალაქეებმა აღნიშნული ფაქტი საზოგადოების დაცინვად შეაფასეს და თქვეს, რომ დარბაზი უშველებელია, ხოლო დასახელებული მიზეზი გამოგონილი.