"ლივერპულის" 23 წლის ნახევარმცველმა, კურტის ჯონსმა მერსესაიდელთა პირველი გუნდის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა. საიუბილეო ნიშნულს მან გუშინ, "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ უწია და ღირშესანიშნავი თარიღი გოლითაც აღნიშნა, რომელიც არნე სლოტის შეგირდებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების მომტანი გამოდგა.
100-იანთა კლუბში შესვლა კურტისისთვის ყოფილ დამრიგებელს, იურგენ კლოპს მიულოცავს. ინგლისელი ამის შესახებ BBC Match of the Day-ს გაესაუბრა.
"გასახდელში შევედი, გუნდმა ვისაუბრეთ და მერე ტელეფონი ავიღე ხელში. ძირითადად ოჯახს ვწერ ხოლმე, ახლა კი კლოპის შეტყობინება დამხვდა. "გილოცავ 100 მატჩის ჩატარებას, 500-ზე მეტიც გეთამაშოს," - ტექსტი დაახლოებით ასეთი იყო. გავიფიქრე, რა 100, სრულ ჭკუაზე ხომ არის-მეთქი, რადგან მეგონა, რომ მეტ შეხვედრაში მქონდა ნათამაშები. შემდეგ ინსტაგრამი შევამოწმე და, ჰო, 100 მატჩი მითამაშია. ძალიან ამაყი ვარ.
ინსტაგრამი კლოპსაც აქვს და ახალ ამბებს ისიც ეცნობა, თუმცა მთავარი ისაა, რომ იგი მთელ გუნდთან ინარჩუნებს კონტაქტს. იურგენი დიდებული ადამიანია და ყველას ძალიან გვიყვარს. სწორედ მან ააწყო ჩვენი დღევანდელი გუნდი, საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო და მას ახლა სლოტი უძღვება," - თქვა კურტისმა.
სხვათა შორის, "წითლები" გუშინ მატჩის დასაწყისიდანვე აგებდნენ, მაგრამ წონასწორობა კოდი გაკპომ აღადგინა, მერე ჯონსმა შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი მუჰამედ სალაჰმა დააფიქსირა.
"ლივერპულს" 17 ტურში 42 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილს კომფორტული უპირატესობით ლიდერობს. 29 დეკემბერს "სქაუზერები" ლონდონის "ვესტ ჰემს" ესტუმრებიან. მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.